ირაკლი სესიაშვილი: “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს განცხადება არ მოუმზადებია

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს განცხადება არ მოუმზადებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დეპარტამენტის წარმომადგენლმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.
“ეს არის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხი, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოში მედია გარემო არის საუკეთესო მთელს რეგიონში. ეს არის მთავარი და ამით ჩვენი პარტნიორი ამაყობს. ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვუსმენთ, ისევე როგორც ისინი. ჩვენი მიზანია, მედია დამოუკიდებელი და ობიექტური იყოს. ვისაც საკუთარი ინტერესები აქვს, ის სასამართლოში კერძო დავას მედიაზე, ზეწოლად აღიქვამს. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ინტერესები ერთმანეთს აბსოლუტურად ემთხვევა”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ამერიკის საგარეო უწყება შეშფოთებულია ნებისმიერი ნაბიჯით, რომელმაც შესაძლოა საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის დახურვა გამოიწვიოს, – ამის შესახებ “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა.
“სერიოზულად განვიხილავთ ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც მედია პლურალიზმს საფრთხეს უქმნის,” – განაცხადა ტონერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები