კახა კალაძე: წინა ხელისუფლების განცხადება, რომ 2006 წელს სრულიად მოხდა რუსული გაზის ჩანაცვლება, არის დიდი სიცრუე
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის თქმით, წინა ხელისუფლების განცხადება, რომ 2006 წელს სრულიად მოხდა რუსული გაზის ჩანაცვლება, არის დიდი სიცრუე. როგორც კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2008 წლის აგვისტოში, როდესაც ვიმყოფებოდით საომარ პირობებში, საქართველო ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობას რუსეთიდან იღებდა.
“საინტერესოა ერთი ფაქტი, 2006 წელი, ჩვენ კარგად გვახსოვს მოხდა აფეთქება მაღალ ელექტროგადამცემ ხაზზე, “კავკასიონზე”, საიდანაც ელექტროენერგიას რუსეთიდან ვიღებდით და ორ ცენტრალურ მაგისტრალურ გაზსადენზე. მაშინ წინა ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ ჩვენ მოვახერხეთ და ბუნებრივი აირი შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან და ირანიდან და სრულიად მოხდა რუსეთის ჩანაცვლება. ეს იყო დიდი სიცრუე და ამაზე მეტყველებს ციფრები”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველო ბუნებრივ აირს რუსეთიდან იღებს 80-იანი წლებიდან, თუმცა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა წარმოადგინა ციფრები, სადაც საუბარი იყო ბუნებრივი გაზის იმ მოცულობაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა რუსეთიდან 2003 წლიდან იღებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2006 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოტანილია 19 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის გაზი, ხოლო ირანიდან – დაახლოებით 5 მილიონი კუბური მეტრი გაზი.
“ირანიდან შემოსული გაზი დაახლოებით 2 საათს ეყოფა ჩვენს ქვეყანას. 19 მილიონი კი შეიძლება ითქვას, რომ ნახევარი დღის მოხმარებაა, 2006 წელსაც კი დამატებითი მოცულობები მიიღებოდა რუსეთიდან, ანუ 2006 წელსაც საქართველო 99%-ით იყო რუსულ გაზზე დამოკიდებული“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ეს თანამშრომლობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
“2008 წლის აგვისტოში, როდესაც საომარ პირობებში ვიმყოფებოდით, მაშინაც ჩვენ ვიღებდით ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს რუსეთიდან”, – აღნიშნა კალაძემ.