გედევან ფოფხაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული არ ჰქონდა

თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა “პოლიტიკურად განპირობებული” მოტივით იხელმძღვანელეს, ეს ძალიან დააზიანებს ქვეყნის საერთო ინსტიტუციონალურ სტაბილურობას, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის შეჩერების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეჩერდა. როგორც ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონსტიტუციური იყო.
“მე ერთი წუთითაც რომ დამეშვა ის, რომ ამაში შესაძლოა, რაიმე არაკონსტიტუციური ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მას ხმას არ მივცემდი და საჯაროდ დავაფიქსირებდი ჩემს პოზიციას, ნამდვილად არ მოვერიდებოდი. მიმაჩნია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, არაკონსტიტუციური არ არის და ამიტომაც დავუჭირე მხარი”, -განაცხადა ფოფხაძემ. მისივე თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მოტივაცია პოლიტიკურად განპირობებული იყო, ქვეყნის საერთო ინსტიტუციონალური სტაბილურობისთვის საზიანო იქნება. “მინდა, ძალიან ფრთხილი ვიყო ამ გადაწყვეტილების შეფასებაში, რადგან, ჩემი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლო არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია ქვეყანაში ბალანსის დაცვის მიზნით, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის ერთ-ერთი დამატებითი გარანტი არის სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო და, თუ საკონსტიტუციო სასამართლო იხელმძღვანელებს რაიმე პოლიტიკური მოტივაციით, ეს საერთო ბალანსის დაცვის თვალსაზრისით ძალიან საზიანო იქნება. ამიტომ, ძალიან არ მინდა, რომ იქ მოტივაცია პოლიტიკური იყოს. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მოტივაცია იყო არა იურიდიული, არამედ პოლიტიკურად განპირობებული, ეს, ძალიან საზიანო იქნება ქვეყნის საერთო ინსტიტუციონალური სტაბილურობისთვის”,- აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ცხრავე მოსამართლემ მხარი დაუჭირა საქმის წარმოებაში მიღებას, ხოლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებას ხმა 5-მა მოსამართლემ მისცა, ოთხი კი წინააღმდეგი იყო. სარჩელი “ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა მოამზადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები