მაია ფანჯიკიძე ავღანელ კოლეგას შეხვდა

  საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ზარარ აჰმად ოსმანის შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, განიხილეს ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროში თამანშრომლობის განვითარების პერსპექტივები. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ორ ქვეყანას ბევრი რამ აკავშირებს ერთმანეთთან და პირველ რიგში, ეს არის ISAF-ის ოპერაცია, რომელშიც საქართველოს, ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდი კონტინგენტი ჰყავს. მაია ფანჯიკიძის თქმით, ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას. “საქართველო მზად არის, 2014 წლის შემდეგაც გააგრძელოს ავღანეთში მოღვაწეობა და დაინტერესების შემთხვევაში გაუზიაროს ავღანეთის მთავრობას გამოცდილება რეფორმების კუთხით სხვადასხვა სფეროებში”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ISAF-ის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობისათვის. “მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმისათვის, რომ ქართველი სამხედროები მოღვაწეობენ ავღანეთში და იქ მშვიდობის დამყარებისათვის იბრძვიან. ISAF-ის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან და ქართველი სამხედროების წარმატებული მოღვაწეობა ავღანეთში მაჩვენებელია იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობები არსებობს. 2014 წლის ბოლოს ავღანეთში დარჩებიან საერთაშორისო სამხედრო ძალები მხოლოდ იმისთვის, რომ გაწვრთნან ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურები. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ამ ახალ პირობებშიც ექნება თავისი ღირსეული ადგილი”, – განაცხადა ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზარარ აჰმად ოსმანიმ ქართველ კოლეგასთან, მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები