თავდაცვის სამინისტრო, პროგრამა „მხარი მხარს“ ფარგლებში, სამედიცინო დაწესებულებებთან ქვეყნის მასშტაბით ითანამშრომლებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამის – „მხარი მხარს“ ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებებთან ქვეყნის მასშტაბით ითანამშრომლებს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იმ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც, სწორედ, ფსიქორეაბილიტაციის მიმართულებით მუშაობენ.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროს მიზანი თითოეული ჯარისკაცის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეზე ზრუნვა და ამ კუთხით ჯარში არსებული პრობლემების დროულად გამოვლენაა.
„ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გაიმართა კლინიკების წარმომადგენლებთან. დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ საზოგადოებრივი საუბარი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის თემაზე და ეს იყოს არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებისთვის საჭირბოროტო საკითხი, არამედ, ეროვნული თემა. თავად სამინისტროს შიგნით უნდა განვავითაროთ ეფექტიანი პროგრამა, რომლის მიხედვითაც დროზე ადრე გამოვლინდება ჯარისკაცი, რომელსაც მიღებული აქვს საბრძოლო ან სხვა სახის სტრესი და გაეწევა საჭირო დახმარება“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამას – „მხარი მხარს“ ჯარში სუიციდის პრევენციის პოლიტიკის ფარგლებში ახორციელებს.