“იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს რეზოლუცია საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი დოკუმენტია“
ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში საქართველოს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გავხადო, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ში მიმდინარე შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ძალზედ შრომატევადი სამუშაოა გასაწევი იმისათვის, რომ საქართველო იყოს აქტუალური ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.
“ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის დღის წესრიგში საქართველოს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გავხადო. ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან შრომატევადი სამუშაო იქნება ჩასატარებელი იმისათვის, რომ საქართველო იყოს აქტუალური ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი უნდა იყოს ყველა რადარზე და ყველა პლატფორმაზე წარმოდგენილი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მინისტრის განცხადებით, იძულებით გადადგილებულ პირთა შესახებ გაერო-ს რეზოლუცია საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ამ მიმართულებით საქართველოს აქვს დადებითი პროგრესი, რაც მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდაში გამოიხატება.
“ყოველწლიურად საქართველო აქვეყნებს ამ საკითხს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, ამ მიმართულებით გვაქვს პროგრესი და კვლავაც ვაგრძელებთ მუშაობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, ჰუმანიტარული ხასიათის დოკუმენტი, რომელიც ეხება დევნილთა პრობლემებს. ბევრი კარგი შეხვედრა გავმართეთ, მათ შორის პატარა ქვეყნებთან, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მოვიპოვოთ რეზოლუციაზე მაქსიმალური მხარდაჭერა”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს მართავს.