თინათინ ხიდაშელმა ავღანეთში დაჭრილი სერჟანტი მოინახულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ გერმანიაში, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის დროს დაჭრილი სერჟანტი პაატა როსტობაია ლანთშთულის ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულეს.
თინათინ ხიდაშელი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სერჟანტს გაესაუბრნენ და გამოჯანმრთელება უსურვეს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო მისიის დროს დაჭრილი და გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებს ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს.
„სამხედრო ჰოსპიტალში ოპტიმისტური სურათი ვნახეთ. როსტობაია კარგად არის უკვე. გვითხრეს, რომ მალე გამოჯანმრთელდება და შემდეგ რეაბილიტაციის ფაზაზე გადავა. ვგეგმავთ, მისი ოჯახის წევრები ჩამოვიყვანოთ გერმანიაში. მიეცეთ შესაძლებლობა, თავად ნახონ და დარწმუნდნენ, რომ კარგად არის. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი გავუწევთ ყველა ტიპის დახმარებას, რაც მას სჭირდება სრული რეაბილიტაციისა და საბრძოლო ფორმაში ჩადგომისთვის“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ექიმებზე დაყრდნობით, დაჭრილი სამხედროს დროულად განკურნებაზე საუბრობს გენერალური შტაბის უფროსი.
„ჭრილობა არ იყო მარტივი, მაგრამ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს და დაჭრილი ახლა საკმაოდ კარგ კონდინციაშია. როგორც ექიმები გვპირდებიან, კურსი მიდის გეგმის შესაბამისად და მებრძოლი საღ-სალამათი დაგვიბრუნდება. მინდა დავარწმუნო მისი ოჯახის წევრები, რომ ჩვენი თანამებრძოლი ძალიან კარგ პირობებშია. ეს არ არის ამ ჰოსპიტალში პირველი ქართველი დაჭრილი, მანამდეც ყველა წარმატებით განიკურნა“,- აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
ლანდშტულის სამხედრო ჰოსპიტალის მეთაურის, პოლკოვნიკი ჯეიმს ლატერზას განცხადებით, სერჟანტი პაატა როსტობაია მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის, მომავალ კვირას კი მისი პალატაში გადაყვანა იგეგმება.
ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში პატრულირებისას ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა. სროლების დროს IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაია დაიჭრა. დაზღვევაზე მყოფი პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი კი დაშავებული თანამებრძოლის ევაკუაციის დროს დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები