ეროვნული არქივის თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ეროვნული არქივის თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
“2015 წლის 7 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 341-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდის ადგილობრივ არქივში დაცულ საკომლო წიგნში არქივის მთავარმა სპეციალისტმა (ი. ლ.- მ) მისი მეუღლის კომლზე რიცხული მიწის ნაკვეთის შესახებ მონაცემები საწერი კალმით გადაასწორა: ზემოხსენებული კომლის შესახებ მონაცემებში, ნაცვლად 0.35 ჰექტარისა, დააფიქსირა 0.85 ჰა, რის საფუძველზეც მისი მეუღლის საკუთრებაში უკანონოდ მოხდა ორი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ეროვნული არქივის მთავარი სპეციალისტი (ი. ლ.) სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტზე მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დანაშაული გათვალისწინებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 341-ე მუხლის პირველი ნაწილით.
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს”, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები