„მაშას და დათვის“ პროექტის ავტორებმა მისი დახურვის შესახებ ინფორმაცია უარყვეს
ანიმაციური სერიალის „მაშას და დათვის“ „გარდაცვალების“ შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ეს განცხადება სტუდია „ანიმაკორდის“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ლოვეიკომ გააკეთა. „გამოვიდა მეორე სეზონის ბოლო სერია, სადაც მაშა ქალაქში მიდის და ამბობს, რომ ის უკვე დიდია“, – განაცხადა ლოვეიკომ. მისი თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სერიალი დაიხურება. ამასთანავე, პროექტის ავტორები ადასტურებენ, რომ ახალი სეზონის გადაღებას გარკვეული დრო დასჭირდება და ამის მიზეზი სტუდიაში მომუშავე ანიმატორთა არასაკმარისი რაოდენობაა. ლოვეიკომ უარყო ინფორმაცია ფინანსების არარსებობის შესახებ და აღნიშნა, რომ „მისი სიტყვები არასწორად გაიგეს“.
„პროექტი არ იხურება, უბრალოდ ახალი სეზონის შექმნას გარკვეული დრო დასჭირდება. ჩვენც და მაყურებლებსაც ძალიან გვინდა ახალი სერიების გადაღება. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ეს სერიები მალე გამოვა, თუ არა – მაშინ მათ შექმნას გარკვეული დრო დასჭირდება“, – ამბობენ მულტსერიალის ავტორები. შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს გამოვიდა „მაშას და დათვის“ 52 -ე სერია სახელწოდებით: „მომავალ შეხვედრამდე“. ამის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ პროექტი ფინანსური პრობლემების გამო იხურება.