საქართველომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თურქეთის დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით შესაბამისი ნოტით მიმართა

თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, თურქეთის დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ნოტით მიმართა.
როგორც თურქეთში საქართველოს ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ირაკლი კოპლატაძე ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში თურქეთის ელჩს ესაუბრა. ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, სამთავრობო დონეზე თურქეთი ცალსახად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე მან მხარი დაუჭირა გაეროში საქართველოს რეზოლუციას დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა ახლა თურქეთში წინასაარჩევნო პერიოდია და თურქეთის ცენტრალურ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ ამ ვიზიტის თაობაზე ისინი ინფორმირებულები არ ყოფილან. თავად საქართველოს საელჩო თურქეთში, კოპლატაძის განმარტებით, აღნიშნული ვიზიტის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე დღის წინ ფლობდა და შესაბამისი ნოტით მიმართა ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
“ასევე ჩვენმა საელჩომ გააკეთა შესაბამისი ანგარიში აქ, თურქეთის საელჩოში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია. მეც ვისარგებლე შემთხვევით და ამბასადორიალის ფარგლებში შევხდი თურქეთის ელჩს. პოზიცია არის ასეთი, რომ თურქეთი ფედერალურ დონეზე, სამთავრობო დონეზე ცალსახად ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მათ ეს დაადასტურეს გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერით, მაგრამ ახლა თურქეთში არსებობს დროებითი მთავრობა, წინასაარჩევნო პერიოდია, მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და ამით შეიძლება ისარგებლეს ადგილებზე შესაბამისი მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, რომლებმაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იმ რეგიონებში, სადაც მრავლად არის ეთნიკური აფხაზი წარმომავლობის მოსახლეობა მოაწყვეს ეს ტური”, – აცხადებს ირაკლი კოპლატაძე.
თურქეთის ოფიციალური დელეგაცია სოხუმს სტუმრობს ქოჯაელის პროვინციის გუბერნატორის მეთაურობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები