კახა კალაძემ UEFA-ს სუპერთასის ბილეთების კორპორატიულ შეძენაზე უარი თქვა

IDFI სახელმწიფო უწყებების მიერ 2015 წლის 11 აგვისტოს, თბილისში ჩატარებული UEFA-ს სუპერთასის მატჩის ბილეთების შესყიდვასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბილეთი ფეხბურთის ფედერაციისგან თბილისის მერიამ მოითხოვა. IDFI-ის მონაცემებით, მერიას მატჩის 240 ბილეთი, საქართველოს პარლამენტს 200, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, იუსტიციის, საგარეო საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს 50-50 ბილეთი გამოეყო. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კი ფეხბურთის ფედერაციამ 20 ბილეთი გამოუყო.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ენერგეტიკის სამინისტრო ერთადერთია, რომლის ხელმძღვანელმა, კახა კალაძემ ბილეთების ონლაინგაყიდვების პრობლემების გამო, UEFA-ს სუპერთასზე თანამშრომლებისთვის მოთხოვნილ ბილეთებზე უარი თქვა.

“2015 წლის 23 ივნისს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მიმართა თხოვნით, ენერგეტიკის სამინისტროსთვის, შეძენის მიზნით, გამოეყოთ უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები 337 ბილეთი, 160 ცალი I კატეგორია, 105 ცალი II კატეგორია, 72 ცალი III კატეგორია. თუმცა, ბილეთებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო 2015 წლის 21 ივლისს ენერგეტიკის მინისტრმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს აცნობა, რომ სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნდა ფედერაციის მიერ ენერგოსექტორის თანამშრომლებისათვის გამოყოფილი ბილეთები დაბრუნებულიყო გაყიდვაში და შეძენის საშუალება მიცემოდა სხვა ქართველ გულშემატკივარს”, – ნათქვამია IDFI-ის კვლევაში.

აღნიშნული კვლევის ფარგლებში IDFI-იმ 20 ცენტრალურ საჯარო დაწესებულებას მიმართა, რათა მათ 2015 წლის 11 აგვისტოს თბილისში გასამართი უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების და მოსაწვევების გამოყოფასთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან არსებული მიმოწერის ასლები მიეწოდებინათ.

20 უწყებიდან ინსტიტუტმა პასუხი 17 შემთხვევაში მიიღო. IDFI-ის ინფორმაციით, მოთხოვნებზე პასუხი  ფინანსთა, შინაგან საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს დღემდე არ მოუწოდებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები