„თბილისობის“ კონკურსის საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო
კონკურსი „ჩემი თბილისობა“ დასკვნით ფაზაში შედის. 2 კვირის განმავლობაში თბილისის მერიაში 21 პროექტი შევიდა – ამის შესახებ “კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა სამი საუკეთესო კონცეფცია შეარჩიეს. ხმათა უმრავლებსობა ნინო ლელაშვილის, პაატა ციკოლიასა და „სტუდია 1 2 3“-ის კონცეფციებმა დაიმსახურეს. საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო. დღეიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ონლაინხმის მიცემის საფუძველზე განსაზღვრონ გამარჯვებულთა რიგითობა. იმ პროექტს, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დაემატება ხალხის ერთი ხმა.
კონკურსი „ჩემი თბილისობა“ 5 აგვისტოს გამოცხადდა. დაინტერესებულ პირებს განაცხადების შეტანა თბილისის მერიაში 18 აგვისტოს ჩათვლით შეეძლოთ. საკონკურსო კომისია დაკომპლექტებულია მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებით. კომისიამ გამოავლინა 3 საუკეთესო კონცეფცია, ხმის მიცემის შემდეგ კი საბოლოოდ განისაზღვრება გამარჯვებულთა რიგითობა. პირველ ადგილზე გასული კონცეფციის ავტორი 14 000 ლარით, მეორე ადგილზე გასული 9 000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული 7 000 ლარით დაჯილდოვდება. კონკურსი „ჩემი თბილისობა“ საშუალებას აძლევს თითოეულ მოქალაქეს, საკუთარი მოსაზრებებით, იდეებით წვლილი შეიტანოს და აქტიურად ჩაერთოს თბილისობის დღესასწაულის დაგეგმვაში. ონლაინრეჟიმში ხმის მიცემა 8 სექტემბერს, 12 საათზე დასრულდება.