ლელა ქართველიშვილი: დიდი ქართველი ავიატორის ალექსანდრე ქართველის სახელი საუკუნის შემდეგ სამშობლოს დაუბრუნდა
„ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების” პრეზიდენტი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის ალექსანდრე ქართველიშვილის სახელის მინიჭების გამო საქართველოს მთავრობის მეთაურს ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის.
როგორც „კვირას“ ლელა ქართველიშვილმა განუცხადა, ალექსანდრე ქართველიშვილის სახელი სამშობლოში საუკუნის მოლოდინის შემდეგ მაინც დაბრუნდა.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის მეთაურს ირაკლი ღარიბაშვილს ამ ინიციატივისთვის. ეს არის დასტური და აღიარება, რომ დიდი ქართველი ავიატორი ალექსანდრე ქართველი მის სამშობლოში დაბრუნდა. ახლო მომავალში, მის დაბადების დღეზე, 9 სექტემბერს თბილისში ალექსანდრე ქართველის კვირეული იწყება და სწორედ ალექსანდრე ქართველიშვილის დაბადების დღის წინმსწრებად მთავრობის მეთაურმა ასეთი ინიციატივა განახორციელა. ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის საკრებულოს და ყველა იმ პირს, ვინც ამ ინიციატივის განხორციელებაში რაიმე წვლილი შეიტანა“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ლელა ქართველიშვილმა.
მისი თქმით, ალექსანდრე ქართველიშვილის დაბადების დღე 9 სექტემბერს აღინიშნება და თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამ დღისადმი მიძღვნილი ავიაციის კვირეული გაიმართება.
ღონისძიება 9 სექტემბერს დაიწყება და 19 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამ ღონისძიებას ამერიკიდან სპეციალური სტუმრები და საქართველოში აშშ -ის ელჩი დაესწრებიან.
„მომავალი წელი საიუბილეოა, 120 წელი უსრულდება დიდი ქართველ გამომგონებელს ალექსანდრე ქართველიშვილს და, შესაბამისად, გვინდა, რომ წელს, 9 სექტემბერს ეს თარიღი განსაკუთრებულად აღვნიშნოთ“, – აღნიშნა ლელა ქართველიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის გამოჩენილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერის, ალექსანდრე ქართველის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ ინიციატივით რამდენიმე თვის წინ გამოვიდა. ბათუმის საკრებულომ მთავრობის მეთაურის ინიციატივა მოიწონა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭება.