„სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“, ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკითხული, ამჟამად მსჯავრდებული მალხაზ დავლიანიძის ჩვენებას ეხმაურება.
„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მალხაზ დავლიანიძე ირაკლი ქადაგიძის ინფორმატორი არ ყოფილა. თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფრომაციით და მოწმის დღევანდელი ჩვენებით ირკვევა, რომ ის ნამდვილად იყო პოლიციის აგენტი. გვინდა საზოგადოებას მოკლედ მოვახსენოთ, ვინ არის პროკურატურის მოწმე ამჟამად მსჯავრდებული მალხაზ დავლიანიძე. ის გახლავთ არაერთგზის ნასამართლევი უმძიმეს დანაშაულებში. დავლიანიძე დაკავებული იყო თურქეთის საელჩოს წარმომადგენელზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ყაჩაღური თავდასხმისთვის. დავლიანიძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ იყო ნარკოდამოკიდებული და ამჟამადაც სასჯელს ძარცვისთვის იხდის. რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, როგორც ჩანს, მან ვერ დაიზეპირა პროკურატურის მიერ შეთავაზებული ჩვენება და აერია ირაკლი ქადაგიძის სამსახურებრივი თანამდებობები.
დავლიანიძემ განაცხადა, რომ ქადაგიძე გაიცნო მაშინ, როდესაც ის იყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელი, რაზეც დაზუსტებით მოგახსენებთ, რომ ირაკლი ქადაგიძეს პოლიციაში 20-წლიანი მუშაობის პერიოდში არათუ აღნიშნული სამმართველოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, არამედ აღნიშნულ განყოფილებაშიც კი არ უმუშავია. ამასთან, მოწმემ განაცხადა, რომ ის ხშირად სტუმრობდა ირაკლი ქადაგიძეს, სადაც ის შეხვდა ირაკლი ფირცხალავასაც. მან ასევე თქვა, რომ მეხუთე სართულზე ქადაგიძის კაბინეტის შემდგომ მდებარეობდა ფირცხალავას სამუშაო კაბინეტი. თუმცა დადასტურებულია, რომ ირაკლი ქადაგიძისა და ფირცხალავას კაბინეტები არა ერთმანეთის გვერდიგვერდ, არამედ ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობდა. ცნობილია, რომ მეხუთე სართულზე, შს სამინისტროს შენობაში კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი განთავსებული არასდროს არ ყოფილა, იმ დროისთვის იქ გენერალური ინსპექციის სამმართველო იყო“,-აღნიშნულია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი ქადაგიძის მიმართ შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდების მხარის ერთ-ერთმა მოწმემ, პატიმრობაში მყოფმა მალხაზ დავლიანიძემ სასამართლოს ჩვენება მისცა.
მალხაზ დავლიანიძის თქმით, 2006 წლის ორ მაისს, კორტების სპეცოპერაციის დღეს დაიბარეს კრიმინალურ პოლიციაში. როდესაც მივიდა, გასამრჯელოს სახით ნარკოტიკის მიღების შემდეგომ დაავალეს, ეთქვა, რომ სპეცოპერაციის ადგილზე იყო და უშუალოდ დაინახა, როგორ ისროდნენ ზურაბ ვაზაგაშვილის ავტომობილიდან პოლიციის მისამართით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები