ანა დოლიძემ სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებს ლექცია წაუკითხა

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებს ლექცია წაუკითხა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ლექციას – „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარება საერთაშორისო სამართლის მიხედვით“ კურსანტების გარდა ცენტრის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესო ხატიაშვილი დაესწრნენ.

ანა დოლიძემ მსმენელებს ინფორმაცია საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების, სახელმწიფოს ცნებისა და ევროპული სახელმწიფოების წარმოშობის შესახებ მიაწოდა. ასევე, ესაუბრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე, საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებების მნიშვნელობაზე და სახელმწიფოებთან დაკავშირებით, კოლექტიური აღიარებისა და უღიარებლობის შემთხვევებიც გაიხსენა.

ლექცია საინტერესო დიალოგისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სამხედრო დაწესებულებებსა და ქვედანაყოფებში მსგავსი სახის ლექციები მომავალშიც გაგრძელდება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამხედრო და სამოქალაქო სფეროების დაახლოება თავდაცვის უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები