თბილისის საკრებულოს მიწის ლეგალიზაციის კომისიამ 3 638 განცხადება განიხილა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრებისუფლების აღიარების კომისია 11 თვის მუშაობის შედეგებს აქვეყნებს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ოქტომბრიდან აგვისტოს ჩათვლით კომისიამ 48 სხდომა ჩაატარა.

,,11 თვის განმავლობაში განხილულია 3 638 მოქალაქის განცხადება, აქედან 1096 მოქალაქეს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცათ, 794 ადამიანს კი უარი ეთქვა, რადგან მათ მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ფლობა-სარგებლობა არ დასტურდებოდა. რაც შეეხება დანარჩენ 1436 მოქალაქეს, კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, მათი საკითხები უკეთ შესწავლის მიზნით გადაიდო“,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა ყოველ ორშაბათს იმართება და მას დეპუტატების გარდა, უშუალოდ განმცხადებლები, თბილისის მერიის საჯარო რეესტრის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, სპეციალური ჯგუფი არსებულ ვითარებას ადგილზე სწავლობს, აუცილებლობის შემთხვევაში კი მუშაობის პროცესში ექსპერტის ჩართვაც ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები