ილია მეორე: ჩვენ უნდა ვიცვალოთ ფერი, ჩვენ დღეს უნდა ვიყოთ უკეთესნი, ვიდრე ვიყავით გუშინ და გუშინწინ

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ ძმები და ვერანაირი ძალა ვერ შეარყევს ჩვენს ძმობას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა და ტაძარში მყოფ ვლადიკავკაზიდან, ცხინვალიდან, ახალგორიდან ჩამოსულ ოსებს მიმართა.

“ეს არის ადგილი, სადაც მუხლი მოუდრეკია ბევრ მეფეს, დაღვრილა ბევრი სისხლი და ცრემლი. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. სტუმრად არიან ისრაელიდან, წმინდა მიწიდან არაბი სასულიერო პირები, პეტერბურგიდან – ქართველები და რუსეთის წარმომადგენლები. ვფიქრობ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ ტაძარში იმყოფებიან ოსები, ვლადიკავკაზიდან, ცხინვალიდან, ახალგორიდან და სხვა პირები. ჩვენ გულით მოგესალმებით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ ძმები და ვერაფერი ძალა ვერ შეარყევს ჩვენს ძმობას”, – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ფერისცვალების დღესასწაულზეც ისაუბრა. “გოლგოთა და ჯვარცმა იყო მოახლოებული და მოციქულების რწმენაში განსამტკიცებლად უფალმა სამი მოციქული – პეტრე, იაკობი და იოანე თაბორზე წაიყვანა, სადაც მას მოსე და წმინდა ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადა, ფერი იცვალა, გაბრწყინდა. ეს იყო ის ბრწყინვალება, რომლის ატანა შეეძლოთ მოციქულებს. ეს არ იყო უფლის მთლიანი ნათება. ეს იყო ნაწილი. უფლის მთლიანი ნათება რომ დაენახათ მოციქულებს, ცოცხალი ვერ დარჩებოდნენ. დღეს ჩვენ უფალი მოგვიწოდებს ფერისცვალებისაკენ. ჩვენ უნდა ვიცვალოთ ფერი. ჩვენ დღეს უნდა ვიყოთ უკეთესნი, ვიდრე ვიყავით გუშინ და გუშინწინ. ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი ცოდვა, ნაკლი”, -აღნიშნა უწმინდესმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები