ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში არა ნატოს საწვრთნელი ბაზა, არამედ სასწავლო ცენტრი იხსნება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრთან და ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არ იქნება საწვრთნელი ბაზა, რაზეც სპეკულაციები მიმდინარეობს.

“თქვენ იცით, რომ ერთი კვირის შემდეგ ნატოს გენმდივანი ჩამოდის საქართველოში. ჩვენ ვხსნით სასწავლო ცენტრს. ბევრი სპეკულაცია იყო ამ ცენტრთან დაკავშირებით, თითქოს ეს არის საწვრთნელი ბაზა. ეს არის სასწავლო ცენტრი ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომ ჩვენი ჯარისკაცები მოვამზადოთ და მათი მომზადების დონე აიწიოს, რომ ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში იყოს. მინდა გითხრათ, რომ ყოველგვარი სპეკულაციები გადაჭარბებულია. ჩვენ მივესალმებით ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს საქართველოში. ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი პატივი. ჩვენ მივყვებით იმ გეგმას, რომელიც მივიღეთ უელსის სამიტზე და ამ გეგმას კარგად ვასრულებთ. ამ ცენტრს რაც შეეხება, ეს არის სასწავლო ცენტრი. ასეთი ცენტრი უკვე გვაქვს საქართველოში საჩხერის ბაზაზე”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები