დავით ნარმანია: ებრაელი ბიზნესმენები თბილისში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ
თბილისის მერმა ისრაელში ვიზიტის დეტალები შეაჯამა და ვიზიტს საინტერესო უწოდა.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, იმ საინვესტიციო პროექტების ჯამური ღირებულება, რომლებიც ებრაელმა ინვესტორებმა უნდა განახორციელონ, 100 მილიონ დოლარამდეა.
“ეს იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველი ოფიციალური ვიზიტი, სადაც ჩვენ გვქონდა ოფიციალურ დონეზე შეხვედრები. საინტერესო შეხვედრები იყო რამდენიმე მიმართულებით. ასევე ჩატარდა ბიზნესფორუმი, სადაც კონკრეტულ პროექტებზე იყო უშუალოდ საუბარი. კერძოდ, მომზადებულია და კონკრეტულად მშენებლობის დასაწყებად უკვე მზადყოფნაშია 6 პროექტი. მათ შორის სამი უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს. ჯამური ღირებულება იმ საინვესტიციო პროექტებისა, რომლებიც ებრაელი ინვესტორების მხრიდან ჩვენს დედაქალაქში უნდა გახორციელდეს, 100 მილიონ დოლარამდეა”, – აღნიშნა ნარმანიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ მიიღეს ებრაელი კოლეგების მხრიდან მზადყოფნა მაღალი ტექნოლოგიების საკითხებზე თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რაც საინტერესოა, ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტისთვის, მეორე მხრივ, მაღალი ტექნოლოგიების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ასევე სასწავლო დაწესებულებებს შორის.
“ადგილზე ვნახეთ საინტერესო მოდელი. ჩვენს დედაქალაქში მის დანერგვასთან დაკავშირებით მათ გამოხატეს მზადყოფნა”, – განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, ისრაელიდან დელეგაცია დედაქალაქში ძალიან მალე ჩამოვა. კერძოდ, 8-9 სექტემბერს ადგილობრივ პარტნიორებთან კონკრეტული შეხვედრები გაიმართება.
ამასთანავე, ნარმანიამ აღნიშნა, რომ ისრაელიდან ჩამოვლენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, რომლებიც თბილისში არსებულ ტურისტულ პოტენციალს და მიმდინარე პროექტებს გააშუქებენ.
“განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება იმ პროექტებზე, რომლებიც უშუალოდ ებრაელი ინვესტორების მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს. ერთ-ერთის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩვენი არქიტექტურის სამსახურის მხრიდან თანხმობა გაცემულია, ამიტომაც მათი ვიზიტის დროს სიმბოლურად დაიწყება უკვე ამ პროექტის მშენებლობა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.