დავით ნარმანია: ამ ქალაქში არავის ეპატიება ხეების უკანონო ჭრა, ყველა მკაცრად დაისჯება

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში, ზალდასტანიშვილის ქუჩის 19 ნომერში ხეების მოჭრის ფაქტთან დაკავშირებული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნათ.

როგორც დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მერიაში შევიდა ინფორმაცია, რომ ზალდასტანიშვილის ქუჩის 19 ნომერში, გადამხმარ ხეებთან ერთად, 21 ფიჭვის საღი ხე მოიჭრა.

მისი თქმით, ადგილი ჰქონდა თვალთმაქცობას, კერძოდ, მუნიციპალიტეტისთვის თვალის ახვევის მცდელობას.

„ჩვენ გავეცით მხოლოდ ზეხმელი ხეების მოჭრის ნებართვა, თუმცა მოქალაქეებმა, რომელთაც აქვთ მშენებლობის განზრახვა, საღი ხეები მოჭრეს. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვახდინეთ რეაგირება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ნარმანიას თქმით, მსგავსი ქმედება არავის ეპატიება.

“ამ ქალაქში არავის ეპატიება ხეების უკანონო ჭრა. ყველა მკაცრად დაისჯება. ეს ჩვენი შეუვალი და უცვლელი პოზიცია იქნება”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები