ირაკლი ღარიბაშვილი სასტუმრო “კოლიზეუმის” ოფიციალურ გახსნას დაესწრება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში ოთხვარსკვლავიან სასტუმრო “კოლიზეუმის” ოფიციალურ გახსნას დაესწრება.
როგორც “კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური აჭარას დღეს ესტუმრება.
10- სართულიანი სასტუმრო “Colosseum Marina Hotel” 101 ნომერს მოიცავს. სასტუმროს 80-ადგილიანი ავტოსადგომი, ჩოგბურთის ღია და დახურული ორი მოედანი, სატრენაჟორო დარბაზი, 1200 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ორი ვერანდა, ღია და დახურული აუზები, ორი საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი და ბავშვებისთვის განკუთვნილი იზოლირებული გასართობი კუთხე გააჩნია.
ბათუმში პრემიერი ასევე დაათვალიერებს კომპანია “მეტრო ატლას ჯორჯიას” პროექტის – სასტუმრო-კომპლექს “მეტრო სითის” მშენებლობას. შემდეგ კი ირაკლი ღარიბაშვილი ქედაში გაემგზავრება, სადაც კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობის” ახლად გახსნილ ხილის გადამამუშავებელ ქარხანას დაათვალიერებს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი “აგრო-ქედის” საწარმო სახელმწიფოს თანადაფინანსებით აშენდა და გაიცა 500 ათასი დოლარის შეღავათიანი აგროკრედიტი.