ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ აჭარას ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ აჭარას ეწვევა. მთავრობის ხელმძღვანელი ბათუმში ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “კოლიზეუმის” ოფიციალურ გახსნას დაესწრება.
10 სართულიანი სასტუმრო „Colosseum Marina Hotel” 101 ნომერს მოიცავს. სასტუმროს 80 ადგილიანი ავტოსადგომი, ჩოგბურთის ღია და დახურული ორი მოედანი, სატრენაჟორო დარბაზი, 1200 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ორი ვერანდა, ღია და დახურული აუზები, ორი საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი და ბავშვებისთვის განკუთვნილი იზოლირებული გასართობი კუთხე გააჩნია.
პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბათუმში პრემიერი, ასევე, მოინახულებს კომპანია „მეტრო ატლას ჯორჯიას“ პროექტის – სასტუმრო-კომპლექს „მეტრო სითის“ მშენებლობას. შემდეგ კი, ირაკლი ღარიბაშვილი ქედაში გაემგზავრება, სადაც კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ახლადგახსნილ ხილის გადამამუშავებელ ქარხანას დაათვალიერებს.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი “აგრო-ქედის” საწარმო სახელმწიფოს თანადაფინანსებით აშენდა და 500 ათასი დოლარის შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცა.