გიორგი ანწუხელიძე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მის მშობლიურ სოფელშიც გაიხსენეს

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანშიც გაიხსენეს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გმირულად დაღუპულ უფროს სერჟანტს დღეს 31 წელი შეუსრულდებოდა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი სურმავამ ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებული გმირთა მემორიალი გვირვინით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. სამინისტროს წარმომადგენლები ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის ოჯახს გმირის მშობლიურ სახლში ეწვივნენ და მის მცირეწლოვან შვილებს საჩუქრები გადასცეს. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური კი გიორგი ანწუხელიძის ოჯახს მშენებარე სახლის გადახურვისთვის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას დაჰპირდა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ანწუხელიძის გმირობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი მაგალითები საქართველოს სიმტკიცისა და ერთიანობის ერთგვარი სიმბოლოა.
„გიორგი ანწუხელიძე გახლავთ საქართველოს ეროვნული გმირი, ის არის ვაჟკაცობის, სამშობლოსათვის თავდადების, ქართული უდრეკი მებრძოლი სულის სიმბოლო. მისი გმირობა გვიმტკიცებს და გვაძლევს იმედს, რომ ქართულ მიწაზე მტერი ვერ გაიხარებს. რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ის, რისთვისაც იბრძოდა გიორგი, აუცილებლად აღდგება, საქართველო იქნება ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო“,- განაცხადა ბესიკ ლოლაძემ.

მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით – „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები