“რუსთავი 2“-მა სასამართლოში შუამდგომლობები წარადგინა
“რუსთავი 2-ის“ იურისტმა საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობებით მიმართა.
ტელეკომპანიამ სასამართლოში 3 შუამდგომლობა წარადგინა-მოსამართლის აცილების შესახებ, საქმის ზეპირი განხილვის შესახებ და საქმის კოლეგიალური წესით, 3 მოსამართლის მიერ განხილვის შესახებ.
„იმისათვის, რომ „რუსთავი 2“-მა საკუთარი პოზიციები დააფიქსიროს სასამართლოს წინაშე და სასამართლომ ობიექტურად გამოიკვლიოს ყველა გარემოება, უნდა შედგეს ზეპირი მოსმენა. მიგვაჩნია, რომ სახეზე გვაქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საფუძველი იმისათვის, რომ უნდა დაკმაყოფიდეს შუამდგომლობა. იმედი გვაქვს, რომ სასამრთლო დროულად განიხილავს და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას,“-განაცხადა რუსთავი 2-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2”-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, “რუსთავი 2”-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, “რუსთავი 2-ის” პარტნიორების წილებსა და ტელეკომპანიის ქონებას ყადაღა დაედო. სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2”-ის ქონება სრულად დაყადაღდა და ყადაღა დაედო სამაუწყებლო კომპანიის მფლობელთა წილებს. არხის მეწილეებს აკერძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა. ასევე დაყადაღებულია “რუსთავი 2”-ის სახელზე გაფორმებული ქონება, კერძოდ, ნაკვეთი სანდრო ეულის ქუჩაზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.
ამასთან, “რუსთავი 2”-ს საბოლოო დავის დასრულებამდე ეკრძალება მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება. ამ ქონების ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა.