დავით ნარმანია: “სითი პარკმა” უნდა დაასრულოს მონოპოლიური მდგომარეობა ბაზარზე

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ავტომანქანების საჯარიმოზე გადაყვანა უნდა აიკრძალოს და ადგილზე დაჯარიმებით უნდა შეიცვალოს.
ამის შესახებ განცხადება დავით ნარმანიამ ისრაელში გააკეთა. თბილისის მერის განცხადებით, თბილისის მერიამ „სითი პარკთან“ ხელშეკრულებაში ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ერთი თვის წინ დაიწყო.
„ერთი თვის წინ ჩვენ „სითი პარკს“ შევთავაზეთ ცვლილებების ჩვენეული ვერსია და მივეცით ერთთვიანი ვადა, რომ გაეანალიზებინათ ვითარება და მოეცათ არგუმენტირებული პასუხი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელშეკრულება შევცვალოთ ისე, რომ მოხდეს ქალაქზე მიყენებული ზარალის კომპენსაცია. ამასთან, დაჯარიმების შემთხვევაში უნდა აღდგეს ბალანსი და თანაბრად განაწილდეს შემოსავლები „სითი პარკსა“ და ბიუჯეტს შორის. უნდა განხორციელდეს ეს და სხვა მსგავსი ხასიათის ცვლილებები, რამაც უნდა დაასრულოს ამ ერთი კომპანიის მონოპოლიური მდგომარეობა ბაზარზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, დავით ნარმანიას თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირების განვითარებაზე. კერძოდ, თბილისის მერის თქმით, ტარდება კვლევა კონკრეტული ტერიტორიების ასარჩევად, რამაც ამ თვალსაზრისით „სითი პარკის“ მონოპოლიური მდგომარეობა უნდა შეასუსტოს.
„ჩვენ ვემიჯნებით პოლიტიკურ პოპულიზმზე აგებულ განცხადებებს და საქმიანად გვსურს პრობლემის მოგვარება. ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, რომ თუ „სითი პარკი“ არ წამოვა გონივრულ ცვლილებებზე, თბილისის მერია უფრო რთული გადაწყვეტილებების მიღებას არ გამორიცხავს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
“თავისუფალი საქართველოს” წევრები დღეს კომპანია “სითი პარკის” ოფისთან შეიკრიბნენ და იმ მოქალაქეებს, რომელთა მანქანაც “სითი პარკმა” ავტოსადგომზე გადაიყვანა, თბილისის მერიაში საჩივრის შეტანისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები