დავით ნარმანიამ ისრაელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა

თბილისის მერი დავით ნარმანია ისრაელში ვიზიტით იმყოფება. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერი იერუსალიმის მერსა და ებრაელ ინვესტორებს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ბიზნესფორუმი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბიზნესმენები სპეციალურად ამ ფორუმზე დასასწრებად ჩამოვიდნენ. თბილისის მერმა პირველ შეხვედრა ჰაიტეკის წარმომადგენლებთან გამართა. საუბრის მთავარი თემა სტარტაპების განვითერებისთვის საჭირო ახალი ტექნოლოგიების დანერგვა იყო. დავით ნარმანიამ ისრაელის გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წარმომადგენლებმა ორგანიზება გაუწიეს ქართული დელეგაციის ებრაელ ინვესტორებთან შეხვედრას. ბიზნესფორუმზე ქართულმა მხარემ საქართველოს ბიზნესპოტენციალის შესახებ ისაუბრა და სხვადასხვა პროექტის პრეზენტაცია გამართა.

იერუსალიმის მერთან შეხვედრისას იერუსალიმის მერი ნირ ბარკათი თბილისის საინვესტიციო გარემოთი, ტურიზმისა და სამედიცინო სფეროთი დაინტერესდა. ორი ქვეყნის დედაქალაქების მერების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. მათი განცხადებით, ტურიზმის განვითარება მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. იერუსალიმის მერი დავით ნარმანიას ძველი ქალაქის განვითარების გამოცდილების გაზიარებას დაჰპირდა.

„ჩემი ვიზიტი ემსახურება სამ მიმართულებას, პირველი არის ინვესტიციის მოზიდვა და კონკრეტული პროექტების განხორციელება, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და მესამე – მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა. დედაქალაქის კარი ღიაა ინვესტორებისთვის, მე პირადად ვარ გარანტი, რომ ხელი შეეწყობა პროექტების განხორციელებას. გვერდში დავუდგები თითოეულ ინვესტორს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ბიზნესფორუმის ორგანიზატორის იციკ მოშეს განცხადებით, საფუძველი ჩაეყარა ორმხრივი ურთიერთობის ახალ ფორმატს, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სფეროში კომპლექსურ თანამშრომლობას. იციკ მოშეს თქმით, ბიზნესფორუმის შემდეგ საქართველოში ებრაული ინვესტიციით მრავალმილიონიანი პროექტების განხორციელებას ელოდება.

დღის ბოლოს დავით ნარმანია ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერს ხილიკ ბარს შეხვდა, რომელიც ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს. თბილისის მერმა ხილიკ ბარისგან მხარდაჭერა მიიღო და აქვე დაიგეგმა ქნესეთის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები