“რუსთავი 2” თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს შუამდგომლობით მიმართავს
თბილისის საქალაქო სასამართლოს “რუსთავი 2” დღეს შუამდგომლობით მიმართავს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამაუწყებლო კომპანია სამი საკითხის გადაწყვეტას ითხოვს: მოხდეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილება, საქმე სასამართლომ განიხილოს ზეპირი მოსმენით და კოლეგიალურად – ანუ გადაწყვეტილება ერთის ნაცვლად სამმა მოსამართლემ გამოიტანოს.
“რუსთავი 2”-ის იურისტები იმედოვნებენ, რომ შუამდგომლობა დაკმაყოფილდება. ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2”-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, “რუსთავი 2”-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, “რუსთავი 2-ის” პარტნიორების წილებსა და ტელეკომპანიის ქონებას ყადაღა დაედო. სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2”-ის ქონება სრულად დაყადაღდა და ყადაღა დაედო სამაუწყებლო კომპანიის მფლობელთა წილებს. არხის მეწილეებს აკერძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა. ასევე დაყადაღებულია “რუსთავი 2”-ის სახელზე გაფორმებულ ქონება, კერძოდ, ნაკვეთი სანდრო ეულის ქუჩაზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.
ამასთან, “რუსთავი 2”-ს საბოლოო დავის დასრულებამდე ეკრძალება მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება. ამ ქონების ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა.