საქართველოს სპორტის საზოგადოება ზვიად სიჭინავას გადადგომას მიესალმება

 

“საქართველოს სპორტის საზოგადოება” ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას გადადგომას მიესალმება და სიჭინავას ნაბიჯს ღირსეულ ქმედებად მიიჩნევს, – ამის შესახებ “კვირას” “საქართველოს სპორტის საზოგადოებიდან” აცნობეს.

როგორც საზოგადოებაში აცხადებენ, ზვიად სიჭინავას მიერ თანამდებობის დატოვება ქართულ ფეხბურთს სასიკეთოდ წაადგება.

“არასამთავრობო ორგანიზაცია მიესალმება ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას გადადგომას და მიიჩნევს რომ ეს იყო ღირსეული და დროული ნაბიჯი ზვიად სიჭინავას მხრიდან, რომელიც დადებითად წაადგება ფეხბურთის განვითარებას.

აგრეთვე აღსანიშნავია რომ სუპერთასის მატჩი მაღალ დონეზე ჩატარდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ფედერაციას, ქ. თბილისის მერიას, ყველა იმ ადამიანს ვინც ჩართული იყო საორგანიზაციო საკითხებში”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის წევრები ასევე მოითხოვენ, გენერალური მდივანი რევაზ არველაძე ჩამოშორდეს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობას.

„მოვუწოდებთ ფედერაციის გენერალურ მდივანს რევაზ არველაძეს მიიღოს დროული და ღირსეული გადაწყვეტილება და ჩამოშორდეს ფედერაციის საქმიანობას.მიგვაჩნია რომ მას არ აქვს მორალური უფლება მისი საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე კენჭი იყაროს პრეზიდენტად არჩევაზე“, – აცხადებენ ორგანიზაციაში. ასევე, ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბექა სამუშია ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნას მიესალმება და იმედოვნებს, რომ აღნიშნული არჩევნები საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება. „ვთავაზობთ ფედერაციას მეტი გამჭვირვალობის მიზნით მივავლინოთ არჩევნებზე ჩვენი დამკვირვებელი, რომელიც დააკვირდება საარჩევნო პროცესს“, –აცხადებს ბექა სამუშია. აღსანიშნავია, რომ “საქართველოს სპორტის საზოგადოება” აქტიურად გააგრძელებს სპორტული ფედერაციების საქმიანობაზე სამოქლაქო მონიტორინგს, როგორც მათი ბიუჯეტების ხარჯვითი ნაწილის მიზნობრიობის კუთხით, აგრეთვე ზოგადად მათი საქმიანობის შედეგების ამაღლების მიზნით. „ყველა მოქმედ სპორტულ ფედერაციაში შევა ჩვენი ორგანიზაციის სახელით ოფიციალური წერილი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით, ჩვენ გარდა იმისა რომ მონიტორინგს განვახორციელებთ, აგრეთვე კონკრეტულ ინიციატივებსა და რეკომენდაციებს შევთავაზებთ ფედერაციებსა და სახელმწიფოს სპორტის განვითარების მიმართულებით“, – აცხადებს ბექა სამუშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები