ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელები გათავისუფლდნენ
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული რიგითი სპეცრაზმელები – იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია, გიორგი გულბიანი და ალექსანდრე სანიკიძე პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. ყველა მათგანი სასამართლოს დარბაზიდან მოქმედი სპეცრაზმელების, კერძოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების თავდებობის საფუძველზე გათავისუფლდნენ. 7 ბრალდებულს თავდებში 7 მოქმედი სპეცრაზმელი ჩაუდგა.
ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დააყენეს. მოთხოვნას პროკურატურაც დაეთანხმა. საქმეზე ბრალდებულმა რიგითმა სპეცრაზმელებმა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს.
კორტების სპეცოპერაციის საქმეზე თავდაპირველად 12 პირს წარუდგინეს ბრალდება, შემდეგ ხელმძღვანელი პირების საქმიდან რიგითი სპეცრაზმელების საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო. რიგითმა სპეცრაზმელებმა, როგორც ცნობილია, მათ წინააღმდეგ საქმის ფარგლებში, ასევე ხელმძღვანელი პირების საქმეზე, ირაკლი ფირცხალავას, კახა ნაკანის და კიდევ რამდენიმე პირის მამხილებელი ჩვენებები მისცეს.