ე.წ.კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულებს თავდებში მოქმედი სპეცრაზმელები უდგანან
საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვა ადვოკატების შუამდგომლობის განხილვით დაიწყება.
როგორც ბრალდებულების ადვოკატმა იაგო სოხაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ეხება.
მისი თქმით, ე.წ.კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულ რიგით სპეცრაზმელებს თავდებში უდგებიან მოქმედი სპეცრაზმის თანამშრომლები.
ადვოკატი აცხადებს, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობას საფუძვლად დაედო 7 ბრალდებული სპეცრაზმელის ჩვენება, რომლითაც სასამართლომ დაინახა, რომ ისინი დამნაშავეები არ არიან.
“სასამართლოზე გამოიკვეთა მათი უდანაშაულობა. მათ დანაშაულთან შეხება არ ჰქონიათ. ისინი არიან რიგითი სპეცრაზმელები, რომლებმაც შეასრულეს ბრძანება. მათ არ ევალებოდათ სპეცოპერაციის კანონიერების გადამოწმება. მოლოდინი მაქვს, რომ ისინი დღეს გათავისუფლდებიან”, – განაცხადა ადვოკატმა იაგო სოხაშვილმა.
რაც შეეხება შუამდგომლობის საფუძველს, ადვოკატმა აღნიშნა, რომ გარკვეულწილად ამ შუამდგომლობას საფუძვლად უდევს ბრალდებულების მხრიდან სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების მიმართ მამხილებელი ჩვენებები, თუმცა ძირითადი მოტივი ამ შუამდგომლობისა არის ის, რომ ისინი სრულიად უდანაშაულოები არიან.
საქალაქო სასამართლოში მოსამართლის წინაშე 7 სპეცრაზმელი წარდგება.