ზურაბ აბაშიძე: შევეცადოთ, რუსეთთან შეხების წერტილი მოვნახოთ

ჩვენი მეზობელი რუსეთი ძალიან რთული პარტნიორია და უნდა ვეცადოთ, მასთან შეხების წერტილი მოვნახოთ, – ამის შესახებ პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა.

აბაშიძეს მიაჩნია, რომ მეზობელი რუსეთის სირთულიდან გამომდინარე, საქართველომ ფრთხილი პოლიტიკით უნდა გააგრძელოს იმ საკითხების მოგვარება, რაც ჟენევის ფორმატში განიხილება.

„შეიძლება ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს. ეს გემოვნების თემა არ არის მხოლოდ, ეს არის რეალობა, ეს არის ფაქტი. ეს უნდა გავითვალისწინოთ და შევეცადოთ შეხების წერტილები მოვნახოთ, მეზობელი ქვეყანაა, ძალიან რთული პარტნიორი, იმისათვის რათა პატარ-პატარა ნაბიჯებით წინ წავიწიოთ კონკრეტული პრობლემების მოგვარების გზაზე და რაც მთავარია, იმ ურთულესი საკითხების მოგვარების მხრივ, რომლებიც ჟენევის ფორმატში განიხილება“, – განაცხადა აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძე ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ ვითარებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევას ქართული მხარე არ უნდა შეეგუოს და ეს საკითხი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში უნდა დადგეს.

მისივე თქმით, საქართველოს მთავარი ბერკეტი დიპლომატიური ურთიერთობები და ფრთხილი პოლიტიკაა.

„საზღვარმა რეალურად 2008 წელს გადმოიწია, როდესაც რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, მაშინვე დაიწყო ამ ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოებისათვის სასაზღვრო ინფრასტრუქტურის შექმნა. ეს სასაზღვრო ინფრასტრუქტურა იქმნება, რასაც ჩვენ ვუწოდებთ საოკუპაციო ხაზს, მათი გაგებით ყოფილი ადმინისტრაციული საზღვარია. სხვადასხვა რუკები აქვთ და დაახლოებით ამ ადმინისტრაციულ საზღვარს მიყვებიან. რა თქმა უნდა, ეს ის რეალობაა, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით და არც ვაპირებთ შევეგუოპთ, მაგრამ რეალობა ასეთია. ეს მოიტანა 2008 წლის ომმა, საუბედუროდ იმ პოლიტიკამ რასაც წინა ხელისუფლება ატარებდა და რასაც ხელი შეუწყო იმ უმძიმესი ვითარების შექმნას, რაც 2008 წლის შემდეგ არის. ე.წ. ბორდერიზაცია 2009 წლიდან მიმდინარეობს. მანამდე მავთულხლართები იქმნებოდა ახლა ე.წ. ბანერებია. ჩვენ ამას არანაირად არ უნდა შევეგუოთ. ჩვენ მწვავედ უნდა დავაყენოთ ეს საკითხი ყველგან, სადაც ხელი მიგვიწვდება, საერთაშორისო ორგანიზაციებში. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი დიპლომატიური ბერკეტები. ამავდროულად უნდა შევეცადოთ ეს თემა განვიხილოთ ჩვენ რუსებთანაც და ოსებთანაც რაღაცნაირად გამოვნახოთ საერთო ენა“, – განაცხადა აბაშიძემ.

რაც შეეხება აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატს, აბაშიძეს მიაჩნია, რომ ეს დიალოგი მთავარი ბეკეტია, რათა უერთიერთობები წინ წავიდეს და არ შევიდეს ჩიხში, რაც საქართველოსთვის წარმატების მომტანი არ იქნება.
„თუ იქნება რაღაც საინტერესო იდეა, მე იმის მომხრე ვარ, რომ ეს დიალოგი კიდევ უფრო გააქტიურდეს და თუ შესაძლებელია წინ წავიდეთ ამ დიალოგის თვალსაზრისით. ვერანაირად ვერ ვემხრობი იმ მოწოდებას, რომ დავხუროთ, დავყრუვდეთ, დავმუნჯდეთ, არ დაველაპარკოთ. ეს არის ჩიხური მიდგომა. ამას არსად არ მივყავართ. ეს დასავლელ პარტნიორებს კარგად ესმით და ამიტომ უჭერენ მხარს ამ დიალოგს“, – პრემიერის წარმომადგენელმა რუსეთის ურთიერთობების საკითხებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები