ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრი კობა ხარშილაძე ბოდიშს იხდის

ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული ატკინა სიმართლემ და დაამძიმა პროცესი, – ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ განაცხადა.
როგორც ხარშილაძემ საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, ის და მიხეილ ძაძამია აღნიშნულ საქმეში დამნაშავეები არ არიან.
მისივე თქმით, ისინი გარემოებების მსხვერპლნი არიან.
“ჩვენ ვართ მსხვერპლი იმ გარემოებისა, რაც იმ დღეს იყო. ჩვენ ვართ ადამიანები და ადამიანის შესაძლებლობებსაც აქვს საზღვარი”, – განაცხადა კობა ხარშილაძემ.
რაც შეეხება მიხეილ ძაძამიას, საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, რომ ის და კობა ხარშილაძე ღვთისა და ზურაბ ჟვანიას წინაშე მართლები არიან.
მისი თქმით, ისინი ზურაბ ჟვანიას ერთგულები იყვნენ. “ჩვენ ვართ ზურაბ ჟვანიას ერთგულები და ვიყავით ყოველთვის. ჩვენ ვართ მართლები ზურაბ ჟვანიას წინაშეც და ღმერთის წინაშეც”, – განაცხადა მიხეილ ძაძამიამ. მიხეილ ძაძამიასა და კობა ხარშილაძისთვის ვერდიქტის გამოსატანად ნაფიცი მსაჯულები ამ წუთებში თათბირობენ. გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში, მათ სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, 6 თვიდან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები