„ხელისუფლება ვერ შეძლებს ყურძნის მთელი მოსავლის შესყიდვას, ეს გაურკვეველ დიფერენციაციას წარმოქმნის“
ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში რთვლის სეზონისა და სახელმწიფოს სუბსიდირების შესახებ ისაუბრა. ექსპერტის განცხადებით, სუბსიდირება მიზანს ვერ აღწევს, როდესაც მას კამპანიური ხასიათი აქვს. მისი თქმით, სუბსიდირება ნიადაგიდან და მისი წესრიგში მოყვანიდან უნდა დაიწყოს. უნდა მოხდეს მწარმოებლის სტიმულირება და არა უკანასკნელი შედეგისა, რომელიც, გიორხელიძის თქმით, კითხვებს ბადებს.
„თუ სუბსიდირებას კამპანიური ხასიათი აქვს, ის მიზანს ვერასდროს აღწევს, მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ინტერესს აკმაყოფილებს, მაგრამ ამით იმ დარგში არაფერი იცვლება. ხელისუფლება ვერ შეძლებს ყურძნის მთელი მოსავლის შესყიდვას. ეს გაურკვეველ დიფერენციაციას წარმოქმნის. საერთო ჯამში, პრობლემა იგივე დარჩება. წელს ეს საკითხი რთულდება იმით, რომ ღვინის საკმაო მარაგი არსებობს. ამიტომაც არ მგონია, რომ მეღვინე კომპანიებმა სრულად შეისყიდონ მოსავალი. ძალიან კარგი იქნება, თუ ხელისუფლება გლეხს რეალიზაციაში დაეხმარება და ამაზე დახარჯავს რაღაც თანხას.
თუ სუბსიდირებაზეა ლაპარაკი, სუბსიდირება ნიადაგიდან და მისი წესრიგში მოყვანიდან უნდა დაიწყოს. უნდა მოხდეს მწარმოებლის სტიმულირება და არა უკანასკნელი შედეგისა, რომელიც კითხვებს ბადებს. მოსავალი დაზღვეული უნდა იქნას. ხელისუფლების თქმით, 2 მუნიციპალურ ცენტრში შტაბები გაიხსნება და კოორდინაციას ეცდებიან. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ დახმარებები შერჩევითი არ იქნება. საერთო ჯამში, როგორც ჩანს, წელს ყურძნის ჩაბარების პრობლემა იქნება. მგონია, რომ დარჩება ბევრი ადამიანი, ვინც ვერ შეძლებს ამ პროგრამებში მონაწილეობას და საკუთარი რისკით ეცდება ნაშრომის დაბინავებას“,- განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
რაც შეეხება სუბსიდირების პროცესში კორუფციის რისკების არსებობას, გიორხელიძის თქმით, კორუფციის საფრთხე ნამდვილად არსებობს. ექსპერტის განმარტებით, რაკი საყოველთაო სუბსიდირება ვერ ხდება და ყველას ვერ ეხმარებიან, როდესაც მუქთ, სახელმწიფოს ფულზეა საუბარი, მანიპულაციებს ყოველთვის ექნება ადგილი, ამიტომაც აუცილებელია კონტროლის მექანიზმის არსებობა.