ხიდაშელი: თინა რა მაგარი გოგოა და ასე შემდეგ, სიამოვნებით მივიღებ ამ კომპლიმენტებს, მაგრამ…

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმესთან მონაწილე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განმარტებებს აკეთებს.

როგორც მინისტრმა განაცხადა, თანამშრომლების სამსახურში აღდგენაში პოლიტიკური სარჩულის მოძებნა არ შეიძლება.

მისივე თქმით, მან გააკეთა ის, რაც კანონით თავდაცვის მინისტრს უნდა გაეკეთებინა.

“არცერთი ბრალდებული არ ყოფილა გათავისუფლებული თავდაცვის სამინსიტროდან. მინდია ჯანელიძემ 2014 წლის ნოემბერში მიიღო გადაყწვეტილება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ამ ადამიანებს შეუჩერდათ უფლებამოსილება თავდაცვის სამინისტროში, ძალიან კონკრეტული აქტის ძალიან კონკრეტული პუნქტის შესაბამისად. მე გიკითხავთ ჩანაწერს: “სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებით”. ეს მარტივ ენაზე იმას ნიშნავს, რომ აღკვეთი ღონისძიება თუ არის პატიმრობა, რაც ამ ადამიანების მიმართ იყო გამოყენებული, ამიტომ შეუჩერა უფლებამოსილება. მე ეს ადამიანები ფორმალურად სამსახურში არ აღმიდგენია. არ გამომიცია აქტი, რომელშიც ეწერება, რომ მაგალითად ბატონი ნუგზარ კაიშაური დაინიშნოს ამა და ამ თანამდებობაზე. რაც გავაკეთე, იყო ის აქტი, რომელმაც საფუძველი დაკარგა, ანუ მინდია ჯანელიძის მიღებულ ბრძანებაში მითითებული პუნქტი, რომ ეს ადამიანები იყვენენ პატიმრობაში, გაქრა და შესაბამისად, ამ აქტმა ძალა დაკარგა. გუშინ გამოვეცი ბრძანება, რის მიხედვითაც გამოვაცხადე ძალადაკარგულად. რაც რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ ავტომატურად ეს ადამიანები დაბრუნდნენ 2014 წლის იმ რიცხვამდელ მდგომარეობაში, რაშიც იყვნენ. ამიტომ აქ რაიმე პოლიტიკური სარჩულების მონახვა, თინა რა მაგარი გოგოა და ასე შემდეგ, სიამოვნებით მივიღებ ამ კომპლიმენტებს, მაგრამ ერთადერთი, რაც გააკეთა თავდაცვის მინისტრმა იყო ის, რომ კანონის მოთხოვნა შეასრულა”, – განაცხადა ხიდაშელმა “ქრონიკაში” ჩართვისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები