პაატა ზაქარეიშვილი: რუსები ოკუპირებულ ტერიტორიებში გამოვკეტეთ და გარეთ ცხვირს არ ვაყოფინებთ (ვიდეო)

ჩვენი პრინციპული პოლიტიკით რუსები ჩავკეტეთ, გამოვკეტეთ ოკუპირებულ ტერიტორიაში და გარეთ ცხვირს არ ვაყოფინებთ. ისინი კი, ბანერებითა და მავთულხლართებით გვეჩხირკედელავებიან, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების შენება დღეს აღარავის ახსოვს, ბანერებით ე.წ. საზღვრის გადაწევაზე კი ყველა ხმაურობს.
“რატომ არიან ჩვენზე ასეთი გამწარებულები, რატომ გვიტევენ ასე? იმიტომ, რომ ხვდებიან, თურმე შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება. ჩვენ ჩვენი პრინციპული პოლიტიკით რუსები ჩავკეტეთ, გამოვკეტეთ ოკუპირებულ ტერიტორიაში და გარეთ ცხვირს არ ვაყოფინებთ. ისინი კი, ბანერებითა და მავთულხლართებით გვეჩხირკედელავებიან. მიშას დროს ყველაფერი იყო, ბანერებიც იყო, მაგრამ მაშინ სამხედრო ბაზების აგება იყო, რაც კაციშვილს არ ახსოვს და დღეს ჩვენ ბანერებზე ვხმაურობთ. “ჩვენ მხოლოდ ბანერებიღა დაგვრჩა” – ამაზე არის გამწარებული ეს ხალხი. ისინი ბანერების გარდა, ვერაფრით ვერ გვაზარალებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც არიან გამწარებულები. ამიტომ მიტევენ, პირველ რიგში, მე, რადგან კარგად ვიცი მათი ეს შავბნელი საქმეები, რაც მათ მაშინ ჩაიდინეს. ამიტომ ეს გასაგებია. მათი რეაქციით, კარგად ჩანს, რომ ჩვენ სწორად ვიქცევით. ჩვენი პოლიტიკის კორექტირებას აკეთებენ, რადგან აშკარად ჩანს, რომ სხვა ვერაფერზე ვერ გვიტევენ”,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა ზაქარეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საომარი მოქმედებების წამოწყების საჭიროება იდგა და რაც მოხდა, მხოლოდ რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციაზე წამოგება იყო. “ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება ცოცხალი გმირები, ის, რომ მთავარი ამოცანა იყო, მომკვდარიყავი სამშობლოსთვის, შუა საუკუნეებს ჩაბარდა. მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ იცოცხლო სამშობლოსათვის. თუ გამოუვალი მდგომარეობაა და სხვა გამოსავალი არაა, მაშინ უნდა შეეწირო, რა თქმა უნდა. მაგრამ არც ერთ ჩვენს ომში, განსაკუთრებით აგვისტოს მოვლენებს ვგულისხმობ, არანაირი საფუძველი საომარი მოქმედებებისა არ არსებობდა. ჩვენ ვიჩხირკედელავეთ და მაინც მივაღწიეთ იმას, რომ რუსეთის ომში ჩავებით და ამდენი უდანაშაულო ადამიანი მსხვერპლად შევწირეთ”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები