პან გი მუნი საოკუპაციო ხაზის გავლების გამო შეშფოთებულია
გაერო-ს გენერალური მდივანი პან გი მუნი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლში მიმდინარე “ბორდერიზაციის” პროცესის გამო შეშფოთებულია, – ამის შესახებ პან გი მუნის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტეფან დუჟარიკის თქმით, პან გი მუნი ყველა მხარეს მოუწოდებს არსებული მექანიზმების გამოყენება, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები.
“გაერო-ს გენერალურ მდივანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, გააგრძელონ არსებული მექანიზმების გამოყენება, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, იმისათვის რომ განხილულ იქნას ყველა ის საკითხი რაც შეშფოთებას იწვევს. მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება”, – აღნიშნა პრესსპიკერმა. ამავე პრესკონფერენციაზე სტეფან დუჟარიკი რუსეთ-საქართველოს ომის მეშვიდე წლისთავის საკითხსაც შეეხო და კონფლიქტში გაეროს სამშვიდობო მისიასა და ორგანიზაციის მიერ საომარი მოქმედებების შეწყვეტის მიზნით გაკეთებულ მოწოდებებზე ისაუბრა.
როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, კონფლიქტის დროს , სწორედ გაეროს სამშვიდობო მოწოდებების შედეგად, 2008 წლის 12 აგვისტოს საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე ექვსპუნქტიან შეთანხმებას მოეწერა ხელი. “კონფლიქტის დაწყებიდანვე გაერო აქტიურად იყო ჩართული საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის მიზნით მოწოდებების გაკეთებაში, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა. გაერო რჩება ჟენევის საერთასორისო დისკუსიების ერთგულად, რომელიც ერთობლივად გაერო-ს, ევროკავშირისა და ეუთო-ს მიერ იმართება და რომლის ფუნქციონირებაც დაიწყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. გაერო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები რჩება ყველა მონაწილე მხარის მიერ აღირებულ ერთადერთ პლატფორმად, რომელიც კონფლიქტის საკითხზე მუშაობს. ამ კუთხით გენერალური მდივანი მოუწოდებს ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს, გააორმაგონ თავიანთი მცდელობა, რათა მიღწეულ იქნას პროგრესი ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში განიხილება”, – განაცხადა პან გი მუნის პრესსპიკერმა.