საკრებულოში მირზა შაფის პროექტის განხილვისას ირაკლი კაკაბაძეს დარბაზი დაატოვებინეს

თბილისის საკრებულოში მირზა შაფის ქუჩის განვითარების კორექტირებული პროექტის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ კორექტირებული პროექტი მოცულობის შემცირებას 5 ათასი კვ.მ-ით, ასევე გამწვანების დამატებას, სართულიანობის მოხსნას ითვალისწინებს.
პროექტი დღეს სხდომაზე დასამტკიცებლადაა გატანილი.
საკრებულოში პუბლიცისტ ირაკლი კაკაბაძესა და ინვესტორი კომპანიის “კემპინსკის” წარმომადგენელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ირაკლი კაკაბაძემ საკრებულოს უმრავლესობას პროექტის მხარდაჭერისთვის “წუწკები” და “საქართველოს გამყიდველები” უწოდა.
კაკაბაძე კომპანიისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს სხდომათა დარბაზში მდებარე აივნიდან უყვიროდა. ყვირილის გამო საკრებულოს დაცვამ გადაწყვიტა მისი და მისი მხარდამჭერების სხდომათა დარბაზიდან გაყვანა, თუმცა დაცვას თავდაპირველად არ დაემორჩილნენ. განმეორებითი მოწოდების შემდეგ კი, მათ დარბაზი დატოვეს.
საკრებულოს ოპოზიცია ასევე არ უჭერს მხარს წარმოდგენილ კორექტირებულ პროექტს. მათ მოითხოვეს, რომ პროექტის დამტკიცებამ სექტემბრის ბოლომდე გადაიწიოს.
დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის თქმით კი, პროექტი ისე შედგა, მისი საფუძვლიანი შესწავლა არ მომხდარა.
“მოგიწოდებთ, რომ დღეს არ ვიჩქაროთ და თბილისისთვის ასეთი საბედისწერო პროექტი არ მივიღოთ. არ უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე ასეთი პასუხისმგებლობა იმ დროს, როდესაც პროექტი საფუძვლიანად არც კი არის განხილული. მოგიწოდებთ, რომ გადავდოთ სექტემბრის ბოლომდე, ნუ ვიჩქარებთ და ნუ დავემსგავსებით წინა ხელისუფლებას”, – განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ნინო ღოღობერიძემ უპასუხა და განმარტა, რომ პროექტის განხილვა ექსპერტებისა და სპეციალისტების დონეზე რამდენჯერმე მოხდა, რასაც მიწვეული ელისაშვილი არ დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები