ცნობილი მწერალი ზაირა არსენიშვილი გარდაიცვალა

ცნობილი მწერალი და სცენარისტი ზაირა არსენიშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი უძვირფასესი მეგობრის ზაირა არსენიშვილის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ მის მახლობლებს, მეგობრებს, მკითხველებს. მისი სახით ქართულმა მწერლობამ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოქმედი. ვეთხოვებით მეგობარს და გვწამს მისი სახელი ყოველთვის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილთა შორის მოიხსენიება“, – ამ განცხადებას ფეისბუქის გვერდზე თინა და თამაზ ჭილაძეები ავრცელებენ.
ზაირა არსენიშვილი 1933 წლის 30 ნოემბერს, ქალაქ თელავში დაიბადა. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1972-1997 წლებში მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში” ჯერ სცენარისტად, შემდგომ რედაქტორად, ხოლო 1998-2006 წლებში – კინოცენტრის სასცენარო კოლეგიის წევრად. არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
ზაირა არსენიშვილი არის ყველა იმ ფილმის სცენარის ავტორი, რომლის რეჟისორიც ლანა ღოღობერიძეა. მის ფილმოგრაფიაში შედის: “ბედნიერება”, “ვალსი პეჩორაზე”, “ორომტრიალი”, “ბებია ყველასათვის”, “დღეს ღამე უთენებია”, “კაცია ადამიანი”, “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, “აურზაური სალხინეთში” და “როცა აყვავდა ნუში”.
ლანა ღოღობერიძის შვილმა ნუცა-ალექსი მესხიშვილმა ზაირა არსენიშვილის სცენარის მიხედვით გადაიღო ფილმი „ფელიჩიტა“.
ზაირა არსენიშვილის პირველი რომანი “რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისათვის”, რომელშიც ასახულია საბჭოთა რეპრესიების ხანაში თბილისის საოპერო თეატრის მუსიკოსთა ხვედრი, 1997 წელს გამოქვეყნდა და 1998 წელს სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
მეორე რომანიც “ვაჰ, სოფელო…” იმავე თემას ეძღვნება, ოღონდ გაცილებით ფართო ტილოა. აქ აღწერილია ხანა კახეთში ბოლშევიკური რეპრესიების მძვინვარებისა, რაც რამდენიმე თაობამ განიცადა გასული საუკუნის ოციანი წლებიდან ორმოცდაათიან წლებამდე. მკითხველი გაეცნობა 24 წელში ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამგრძნობთა წინააღმდეგ განხორციელებულ სადამსჯელო ოპერაციებს, ოცდაათიან წლებში კოლექტივიზაციისას და ოცდაჩვიდმეტ წელს განხორციელებულ რეპრესიებს.
2014 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ზაირა არსენიშვილის რომანი „ვაჰ, სოფელო” ფრანგულ ენაზე ითარგმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები