ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს სარჩელით სამშაბათს მიმართავს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინების გაუქმების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს 11 აგვისტოს სარჩელით მიმართავს – ამის შესახებ „კვირას“ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე შესაბამისი პროცედურები მზადდება. როგორც გვარამიამ აღნიშნა, მათი მთავარი მოთხოვნაა საქმის განმხილველი მოსამართლე თამაზ ურთმელიძე აღარ იყოს, ხოლო განხილვები მოეწყოს ზეპირი მოსმენით.

„ჩვენ 5 დღის ვადა გვქონდა, რომ საქალაქო სასამართლოში კერძო საჩივარი შევიტანოთ. სავარაუდოდ, სარჩელი ორშაბათს მზად იქნება და სამშაბათს შევიტანთ. პირველ რიგში, ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ საჩივრის განმხილველი არ იყოს მოსამართლე ურთმელიძე. მეორე – საჩივარი ზეპირი მოსმენით იყოს განხილული, იმიტომ რომ აქ არის საზოგადოების უზარმაზარი ინტერესი და სასამართლომ არ გამოიყენოს ბოროტად თავისი დისკრეცია ზეპირი მოსმენით განხილვის გარეშე, მესამე – განხილვა მოეწყოს არა ერთი მოსამართლით, არამედ სამი მოსამართლით“, – განუცხადა „კვირას“ ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -მა საქალაქო სასამართლოს განჩინება გუშინ მიიღო. განჩინების თანახმად, არხის მთელი ქონება დაყადაღებულია. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ თითქმის სრულად დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნები და ტელეკომპანიის წილები, ქონება, ტექნიკა, ავტომობილები, მიწის ნაკვეთი და შენობაც კი, რომელიც ქიბარ ხალავაშის ტელეკომპანიიდან წასვლის შემდეგ აშენდა – მთლიანად დაყადაღებულია. სასამართლომ უარი თქვა მხოლოდ „რუსთვი 2“ – ის ლოგოს და საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე.

სასამართლო განჩინების საფუძველზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს ეზღუდება საბანკო გარანტიების მიღება, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა, ნებისმიერი სახის შესყიდვის განხორციელება და რიგ შემთხვევაში ხელფასების დროულად გაცემაც შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანიის მეწილეებზე ისაუბრა.

კერძოდ, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის მეწილე 9%-ში არის გარდაცვლილი გოგი გეგეშიძე, რომლის მეუღლეც არის მემკვიდრე.

„გოგი გეგეშიძის მეუღლის წარმომადგენელი არის იურიდიული პირი, რომლის უკანაც დგას გიორგი კაპანაძე, ე.წ. რიჟა, სხვათაშორის, გიორგი კაპანაძე ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეშიც ფიგურირებს. ის არ არის ფორმალურად წარმოდგენილი, მაგრამ მისი წარმომადგენელია ნიკა ჩიქოვანი, რომელიც ბორდის სხდომებს ესწრება. ნიკა ჩიქოვანი „რიჟას“ ბიზნესპარტნიორია, რომელიც ყველა საქმეში მასთან ერთად არის. ეს ჩვენც დაზუსტებით ვიცით. მისი ინტერესია, რომ წილების გაყიდვას ხელი შეუშალოს, იმიტომ რომ წილების გაყიდვით თუ გასხვისებით ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანია, ამასაც ვერ ვიყენებთ. ჩვენ ბოლო 2 წელია ფაქტობრივად, ბლოკირებულიები ვართ ყველა მიმართულებით. ახლა საბანკო მიმართულებაც დაემატა და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს შემოსავლებზე ვიქნებით დამოკიდებულნი“, – განუცხადა „კვირას“ ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები