ნიკა გვარამია: ეს ქონება საერთოდ არ არსებობდა ქიბარ ხალვაშის დროს

ეს ქონება საერთოდ არ არსებობდა ქიბარ ხალვაშის დროს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, ქონება, რომელიც სახელმწიფომ დააყადაღა, ბოლო სამ წელში „რუსთავი 2“-ის მიერ არის შეძენილი. ქონების ნაწილი კი კაპიტალის სახით შემოიტანა ახალმა დამფუძნებელმა – შპს ტელეკომპანია „საქართველომ“.
„ეს ის ქონებაა, რომელიც საერთოდ არ არსებობდა ქიბარ ხალვაშის დროს. ეს არის ბოლო სამ წელში შეძენილი ქონება „რუსთავი 2“-ის მიერ. ასევე ქონება, რომელიც კაპიტალის სახით შემოიტანა ახალმა დამფუძნებელმა – შპს ტელეკომპანია „საქართველომ“. მან პრაქტიკულად გააორმაგა „რუსთავი 2“-ის კაპიტალი. ქიბარ ხალვაშის დირექტორობის დროს, მის მიერ ჩვენი კომპანია გამდიდრდა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარით, ეს არის რამდენიმე გადამცემი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო მაშინ კომპანიისთვის და ახლა პრაქტიკულად სრულიად უსარგებლოა იმიტომ, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადავედით“, – განაცხადა გვარამიამ.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თქმით, ამ განჩინების თანახმად, ტელეკომპანია საბანკო ინსტიტუციებთან ურთიერთობას და სესხის აღებას ვეღარ შეძლებს.
„მთავარი და გადამწყვეტი, ყადაღაზე გაცილებით უფრო მძიმეა ის, რომ ახალი სარეკლამო რეგულაციების პირობებში ძალიან გართულებულია ფულის მოძრაობა, ძალიან შემცირდა სარეკლამო ბაზარი. ტელეკომპანიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა საფინანსო ინსტიტუციებთან ურთიერთობამ, პირველ რიგში – ბანკებთან, ასევე – კერძო პირებთან, რომლებისგანაც შეიძლება სესხი ავიღოთ და ა.შ. განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ფულის მოძრაობა შეფერხებულია, ჩვენ გვჭირდება ბანკთან ურთიერთობა. ამ განჩინების თანახმად, რომელიც გამოიტანა მოსამართლემ, ჩვენ აკრძალული გვაქვს ნებისმიერი სახის ურთიერთობა საბანკო ინსტიტუციებთან, ვერ ავიღებთ ვალს კერძო პირისგან, ასევე ვერ ავიღებთ კრედიტს ბანკისგან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვერ გავაქირავებთ ჩვენ შენობებს, ეკრანებს და ა.შ.“, – აღნიშნა გვარამიამ.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, მოსამართლე ურთმელიძემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო და მედიის თავისუფლება საკუთრების უფლებაზე წინ დააყენა.
„მოსამართლე ურთმელიძემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. მან მედიის თავისუფლება საკუთრების უფლებაზე წინ დააყენა. სხვა საკითხია ის, რომ ეს საკუთრებაც არის აბსოლუტურად საეჭვო, იმიტომ, რომ სარჩელი, რომელზეც მიდის საუბარი, არის უპერსპექტივო. ეს უპერსპექტივობა თვალნათლივ შეიძლება დაინახოს პირველი კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმაც, ვინაიდან სარჩელი არის ხანდაზმული. მოსარჩელე აპელირებს ძალადობრივ ჩამორთმევაზე და ძალადობრივ ჩამორთმევას აქვს ერთწლიანი ხანდაზმულობა მას შემდეგ, როგორც კი ძალადობის გარემოება ამოიწურება. რაკიღა მოსარჩელის მტკიცებით, ძველი ხელისუფლება იყო მოძალადე, უკვე სამი წელია გასული და სარჩელი არ იქნა შეტანილი. სწორედ ასეთი სარჩელის პირობებში მოსამართლე ურთმელიძემ გამოიტანა გადაწყვეტილება, რითაც მედიის თავისუფლება უხეშად იქნა შეზღუდული. მოსამართლე ურთმელიძე არის ზონდერმოსამართლე. ის მიეკუთვნება წულუკიანის მოსამართლეთა ჯგუფს, რომელიც 2012 წლის ნოემბერში შეიქმნა.
ჯერ კიდევ გუშინ ეს გადაწყვეტილება არ იყო დაწერილი. ხელისუფლება ელოდებოდა, როგორი იქნებოდა საზოგადოების რეაქცია. მას შემდეგ, რაც ნახა, რომ საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მწვავე, ამ გადაწყვეტილებიდან ამოვიდა ერთი უმთავრესი პუნქტი – უარი ეთქვა მოსარჩელეს ჩვენი ანგარიშების დაყადაღებაზე. ანგარიშების დაყადაღება იქნებოდა ჩვენი ორგანიზაციის კომერციული სიკვდილი, ანუ ჩვენ პრაქტიკულად დაგვხურავდნენ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის ქონება სრულად დაყადაღებულია. ყადაღა დაედო შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელთა წილებს. არხის მეწილეებს აეკრძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა.
ასევე დაყადაღებულია „რუსთავი 2“-ის სახელზე გაფორმებული ქონება, კერძოდ, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობები.
„რუსთავი 2“-ს, საბოლოო დავის დასრულებამდე, ეკრძალება მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება. ამ ქონების ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა.
სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო. თუმცა, მოსარჩელეთა მოთხოვნა „რუსთავი 2“-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ არ დააკმაყოფილა. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები