ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის სრული ქონების დაყადაღებას ითხოვს

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის სრული ქონების დაყადაღებას ითხოვს.
როგორც ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, ტელეკომპანიის ავტომობილების დაყადაღების შემდეგ, შესაძლოა, ტელეკომპანიის სხვა ქონებაც დააყადაღონ. ადვოკატი ადასტურებს, რომ „რუსთავი 2“ -ის ქონების ნაწილი – ავტომობილები სწორედ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე დააყადაღეს.
ამასთან, ქიბარ ხალვაში სარჩელში უთითებს, რომ „რუსთავი 2“-ის წილების 100 პროცენტის გარდა, ასევე მოთხოვნილია კომპანიის მთელი ქონების, მათ შორის, აპარატურის, უძრავი და მოძრავი ქონების სრულად დაყადაღება.
„მოთხოვნილია „რუსთავი 2“ -ის წილების დაყადაღება 100%-ით, ასევე მოთხოვნილი იქნა, რომ აეკრძალოს კომპანიის ხელმძღვანელობას, გაასხვისოს დღეს „რუსთავი 2“-ის სახელზე რიცხული ქონება, მათ შორის, მოძრავი და უძრავი ქონება. რაც შეეხება ავტომობილებს, ეს პროცედურული საკითხია. დანარჩენ ქონებაზე მიმართვა ხდება საჯარო რეესტრისათვის, რაც განხორციელდა კიდეც, ხოლო ავტომობილებთან მიმართებაში აღსრულების ბიურო განახორციელებს. დაყადაღება ხელს არ უშლის ამ ქონების გამოყენებაში „რუსთავი 2“-ს, – განაცხადა ადვოკატმა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილები დაყადაღებულია, ჟურნალისტებს მუშაობაში პრობლემები არ შეექმნებათ.
„სასამართლოს მიერ მიღებულია განჩინება იმის თაობაზე, რომ აეკრძალოს „რუსთავი 2“-ს ქონების გაყიდვა-გასხვისება ,ანუ ეს ქონება უნდა დარჩეს ტელეკომპანიაში და მან ჩვეულებრივ უნდა გამოიყენოს, მათ შორის აპარატურაც უნდა გამოიყენოს იმ სახით, როგორც იყენებს, ამაში ხელს არავინ უშლის. ეს არის პრევენცია იმისთვის, რომ თუ დაკმაყოფილდება ქიბარ ხალვაშის სარჩელი, მერე არ გართულდეს ამ გადაწყვეტილების აღსრულება და არ მოხდეს დავის პერიოდში ქონების გადაფორმება მესამე პირზე. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილები დაყადაღებულია, გადადგილების არანაირი შეფერხება არ ყოფილა, შესაბამისად, ასე იქნება დანარჩენ ქონებასთან მიმართებაში, მუშაობაში არანაირი შეფერხება არ იქნება“, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები