„თურქ და ქართველ გადამზიდავებს შორის არის ბრძოლა – თურქებს აქვთ პრეტენზია, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ყველა ტვირთი მათ გადაზიდონ“

„ჩემი ღრმა ეჭვი არის, რომ ეს ზარალი დაკავშირებულია ტერორიზმთან. თურქეთში ტრაილერების გადაწვა მიანიშნებს, რომ თურქ და ქართველ გადამზიდავებს შორის არის ბრძოლა“,- აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ გააკეთა.
ექსპერტის განცხადებით, თურქ გადამზიდველებს აქვთ პრეტენზია, მთელს ახლო აღმოსავლეთში და ცენტრალურ აზიაში, კავკასიიდან, რუსეთიდან თუ ევროპიდან ყველა ტვირთი მათ გადაზიდონ, რის გამოც ქართველი ბიზნესმენების უფლებები ირღვევა. ჯგერენაია მიიჩნევს, რომ ზარალი მძღოლებს სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს.
„ტრაილერების გადაწვა სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა დროს მოხდა. ეს არის ბრძოლა გადამზიდი ბიზნესის წინააღმდეგ. საქართველო ვალდებულია, დაიცვას მისი მოქალაქეები, მათი სიცოცხლე და ქონება, ამიტომ სახელმწიფომ მძღოლებს მანქანების ღირებულება, მკურნალობის ხარჯები უნდა აუნაზღაუროს და დაიცვას მათი ინტერესები გადაზიდვის ბიზნესში. საინტერესოა ისიც, რომ ეს მანქანები თურქეთში კი არ მიდიოდნენ, მათ ტრანზიტული ტვირთი მიჰქონდათ უკრაინაში, ანუ თურქ გადამზიდველებს აქვთ პრეტენზია, რომ მთელს ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში, კავკასიიდან, რუსეთიდან თუ ევროპიდან ყველა ტვირთი მათ უნდა გადაზიდონ. ამ ბაზარზე მათ საკმაოდ სერიოზული ნიშა უკავიათ. ეს ქართველი ბიზნესმენების ინტერესების უხეში დარღვევაა და ამაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. სახელმწიფომ უნდა აანაზღაუროს ზარალი იმიტომ, რომ მან ვერ შეასრულა კონსტიტუციური ვალდებულება და ვერ დაიცვა თავისი მოქალაქეები“,- განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები