ადვოკატი გიორგი ბადაშვილს ძველი თბილისის რაიონის მთავარი პროკურორის – გიორგი მიქაიას საქმიანობის შესწავლას სთხოვს

ადვოკატი ლექსო კობაიძე გიორგი ბადაშვილს ძველი თბილისის რაიონის მთავარი პროკურორის – გიორგი მიქაიას საქმიანობით დაინტერესებას და შესწავლას სთხოვს. როგორც კობაიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, გიორგი მიქაია არაერთ დანაშაულებრივ საქმეშია შემჩნეული.
„პროკურატურის სისტემაში 2002 წლიდან არის პროკურორი გიორგი მიქაია. დღეს ის ძველი თბილისის რაიონის მთავარი პროკურორია, რადგან ის არჩილ კბილაშვილმა დააწინაურა და ამ პოსტზე დანიშნა. გიორგი მიქაია, სამწუხაროდ, არაერთ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტშია შემჩნეული. ეს პირი დღემდე აგრძელებს უმსგავსო ქმედებებს. მოვუწოდებ გიორგი ბადაშვილს, აღნიშნული საკითხით და ამ პიროვნების საქმიანობით დაინტერესდეს. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ პირის მიმართ ან სადისციპლინო ღონისძიებებს გაატარებენ, ან აღნიშნულ პირს პროკურატურას დაატოვებინებენ. არსებობს კონკრეტული საქმე, როდესაც მოქალაქე თამარ მიშელაშვილი თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა, თუმცა მიქაია, იმის ნაცვლად, რომ საქმე გამოიძიოს ჩვენთან ირონიული და უხეში საუბრით გამოირჩევა“, – განაცხადა ლექსო კობაიძემ.
კობაიძის განმარტებით, საქმეში არსებობს მრავალი მტკიცებულება იმისა, რომ მიშელაშვილი თაღლითური ჯგუფის მსხვერპლი გახდა.
„ 2014 წლის მარტის თვეში თაღლითების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მე დავრჩი მოტყუებული და დაზარალებული, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ მე დავიკითხე. ამ საქმეზე მტკიცებულებად გამოყენებისთვის ჩამომართვეს ტელეფონი, რომ ხმის ექსპერტიზა მოეხდინათ, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მომხდარა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩემი ორი ბინა დაიკარგა, მათზე ჩანიშნული იყო გამოსახლება. ბატონ გიორგისთან შევედი თხოვნით, თუმცა მისგან სულ აგდებულ დამოკიდებულებას ვგრძნობ. მინდა ამ საქმეზე გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავეები დაისაჯონ“,- განაცხადა მიშელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები