საქართველოს 3 მოქალაქეს, რომლებსაც ტერორისტები თავს დაესხნენ, სავარაუდოდ, მატერიალურ ზარალს აუნაზღაურებენ

თურქეთში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაზარალებული სატვირთო ავტომობილის ქართველი მძღოლი თავს კარგად გრძნობს. მან თურქეთის ტერიტორია უკვე დატოვა და არდაჰანიდან ვალეს მიმართულებით მიემგზავრება, – ამის შესახებ „კვირას“თურქეთში საქართველოს კონსულმა ავთანდილ მიქაცაძემ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქე სამშობლოში ვალეს საბაჟო- გამშვები პუნქტიდან შევა.
როგორც „კვირას“ ავთანდილ მიქაცაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე საჭირო იყო მათი მხრიდან საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა. მიქაცაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მოქალაქეს თურქულმა მხარემ მატერიალური ზარალი აუნაზღაუროს.
ცნობისათვის: 4 ივლისს, თურქეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით დაბა ჩანკაიასთან, ოშკის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქეს სახელად ოქროპირს, რომელიც შპს „ალგანის“ კუთვნილი სატვირთო ავტომანქანით საქართველოდან თურქეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, ქურთი ტერორისტები თავს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად, საქართველოს მოქალაქეს პირადი ნივთები და სატვირთო მანქანა წაართვეს, შემდეგ კი დაწვეს.
„პირველადი ინფორმაცია საკონსულოში 2015 წლის 4 აგვისტოს, თურქეთის დროით 17 საათსა და 15 წუთზე შემოვიდა. შემთხვევა დაბა ჩანკაიას ტერიტორიაზე, ოშკის ტაძრის მიდამოებში მოხდა. ქურთმა ტერორისტებმა გზატკეცილზე სამი პირი – 2 თურქეთის მოქალაქე და ერთი საქართველოს მოქალაქე გააჩერეს. თავდამსხმელებმა მათ კომპანიის კუთვნილი სატვირთო მანქანა და მძღოლის პირადი ნივთები წაართვეს. ტერორისტებმა მანქანა დაწვეს და გაანადგურეს.
ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქე, სახელად ოქროპირი თურქეთის ჟანდარმერიაში გადაიყვანეს. პრაქტიკულად 2 დღის განმავლობაში ამ ზონაში საგანგებო სიტუაცია იყო გამოცხადებული. ჩვენი მოქალაქე უსაფრთხოდ იყო, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საკონსულო მუდმივ კავშირზე იმყოფებოდა მასთან. იგი დღეს დილით უსაფრთხო ზონაში – არდაჰანში გადაიყვანეს და საქართველოში ავტობუსით გამოუშვეს. საქართველოს მოქალაქე სამშობლოში ვალეს საბაჟო-გამშვები პუნქტიდან შემოვა.
ამის შემდეგ, საკონსულოს სისხლის სამართლის საქმის მეორე ეტაპი აქვს გასაგრძელებელი. საქმეს ჟანდარმერია იძიებს. საკონსულო აქტიურად არის ჩართული გამოძიების პროცესში. სავარაუდოდ, უნდა მოხდეს სატვირთო ავტომანქანის ანაზღაურება. თანხა ამ ეტაპზე ჯერ არ არის დადგენილი, თუმცა, ჩვენი ვარაუდით, სატვირთო ავტომანქანების ფასი 50 ათასიდან 100 ათას დოლარამდე მერყეობს“, – განუცხადა „კვირას“ თურქეთში საქართველოს კონსულმა ავთანდილ მიქაცაძემ.
მისი თქმით, თურქეთის ტერიტორიაზე ანალოგიური ტერორისტული თავდასხმა 2015 წლის 31 ივლისსაც მოხდა, მაშინ ტერორისტები საქართველოს 2 მოქალაქეს დაესხნენ თავს. მიქაცაძის ინფორმაციით, საკონსულო ამჟამად საქართველოს სამივე მოქალაქის ინტერესს იცავს.
„კვირა“ ამ საკითხთან დაკავშირებით შპს „ალგანსაც“ დაუკავშირდა, თუმცა მათ სატელეფონო საუბარი არ ისურვეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ ტერორისტული თავდასხმის გახშირებული ფაქტების გამო საგანგებო განცხადება გაავრცელა.
“თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში უკანასკნელ პერიოდში გახშირებული ტერორისტული აქტებიდან და თავდასხმებიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გადაადგილებისაგან (კერძოდ, არდაჰანის, ერზრუმის, ერზინჯანის, ყარსის, იღდირის, აღრის, ვანის, ბითლისის, მუშის, ბინგოლის, ელაზიღის, თუნჯელის, მალათიას, შალნიურფასა და ჰაქქარის ვილაიეთები). საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები