ჩამოვა თუ არა წლის ბოლოს საქართველოში პელე – ნიკოლოზ პატარქალიშვილმა პროექტზე მუშაობა დაასრულა

”არგენტინის სახლის საქართველოში” საქართველოს, არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის ქვეყნებს შორის გრანდიოზულ პროექტზე მუშაობს. როგორც არგენტინის სახლის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ პატარქალიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, პროექტი ქვეყნებს შორის საქმიან, სავაჭრო – ეკონომიკური, კულტურული და სპორტული ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში ნიკოლოზ პატარქალიშვილი ლეგენდარული ფეხბურთელის ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს – პელეს ვიზიტს და მისი თანდასწრებით ბრინჯაოში ჩამოსხმული ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის პრეზენტაციასა და გახსნას გეგმავს.
„ამ პროექტის მიხედვით, მიმდინარე წლის 27 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე, ვგეგმავთ მსოფლიო და ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიებების განხორციელებას, რომელშიც უმთავრესი ადგილი უკავია: საქართველოში ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის დარგებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, „მერკოსურის“ ქვეყნების სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მოწყობას;
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი “პელეს თასზე” ოთხთა საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას ფეხბურთში, არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და საქართველოს 21 წლამდე ახალგაზრდული ნაკრები გუნდების მონაწილეობით; ფეხბურთის მეფის, ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს – პელეს ვიზიტსა და მისი თანდასწრებით ბრინჯაოში ჩამოსხმული (2 X 5მ.) ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის პრეზენტაციასა და გახსნას (1965 წელს გადაღებული ცნობილი ფოტოსურათის მიხედვით, რომელზეც აღბეჭდილნი არიან: სლავა მეტრეველი, გიორგი სიჭინავა, პელე, ანზორ კავაზაშვილი და მიხეილ მესხი);
ტურნირის დღეებში „მერკოსურის“ ქვეყნებიდან ტურისტული ჯგუფების ჩამოსვლას; ტურნირის საზეიმო გახსნისა და დახურვის ცერემონიალში, პროგრამით დაგეგმილი საქართველოს ხალხური ცეკვის, ბრაზილიის რიო – დე- ჟანეიროს კარნავალებში მონაწილე მულატ ქალთა, არგენტინული ტანგოს ანსამბლებისა და ურუგვაის მუსიკოს – შემსრულებელთა გამოსვლებს; ტურნირის დღეებში, სატელევიზიო დოკუმენტური ფილმის მომზადებას და ჩვენებას, სადაც ასახული იქნება მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველის, გიორგი სიჭინავას, ანზორ კავაზაშვილის, ვლადიმერ ბარქაიას, მურთაზ ხურცილავას ურთიერთობა ფეხბურთის მეფესთან – პელესთან; საერთაშორისო გაზეთის; “საქართველო და მერკოსურის“ გამოცემას საქართველოში, არგენტინაში, ბრაზილიაში, ურუგვაიში… რომლის მეშვეობითაც გაშუქდება საქართველოსა და “მერკოსურის“ ქვეყნების კულტურა, სპორტი, ტურიზმი ეკონომიკა, ვაჭრობა და სხვა. ოფიციალური პირების, მათ შორის, ბრაზილიის ვიცე – პრეზიდენტის, ბატონ მიშელ ტემერისა და ქალაქების ბუენოს- აირესის, რიო – დე – ჟანეიროსა და მონტევიდეოს მერების მოწვევას“, – განაცხადა ნიკოლოზ პატარქალიშვილმა.
„არგენტინის სახლი“ იმედოვნებს, რომ აღნიშნულ პროგრამას საქართველოს შესაბამის სამინისტროებთან და საერთაშორისო საქველმოქმედო “ქართუ” ფონდთან თანამშრომლობით განახორციელებს. როგორც ნიკოლოზ პატარქალიშვილმა განმარტა, პროექტის დაფინანსების თხოვნით მან ბიძინა ივანიშვილს უკვე მიმართა, თუმცა ამ დროისთვის ივანიშვილის მხრიდან აღნიშნულ ინიციატივაზე პასუხი არ მოსვლია. მისი განცხადებით, პროექტის განხორციელებისთვის 1, 850 000 დოლარია საჭირო.
„ აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შესახებ ა/წ 19 ივნისს „არგენტინის სახლმა“ საქართველოში მიმართა საქართველოს პრემიერ – მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დღეის ჩათვლით არგენტინის სახლის წერილები მათთან არ არის მისული, რის გამოც პასუხები არ გვაქვს. მივმართავთ საქართველოს ადმინისტრაციის უფროსს, ქალბატონ მაია ცქიტიშვილს და “ქართუ” ფონდის ხელმძღვანელობას, აღნიშნული წერილები დაუყოვნებლივ გადასცენ ადრესატებს. აგრეთვე, ვითხოვთ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას!“ – აღნიშნა პატარქალიშვილმა.
გარდა ამისა, ნიკოლოზ პატარქალიშვილის განცხადებით, რიო-დე-ჟანეიროს სავაჭრო კომპანია დაინტერესებულია და ითხოვს, რომ საქართველოდან წარვადგინო ერთი ღვინის კომპანია, რომლის პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაკეთდება. აგრეთვე, უნდა მოეწეროს ხელი ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ღვინის პროდუქტი გარკვეული რაოდენობით ბრაზილიაში შევა.
აღნიშნულ პროექტს საქართველოს სახალხო არტისტი, მოცეკვავე ომარ მხეიძეც უჭერს მხარს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, აღნიშნული პროექტი სახელმწიფოებრივია და ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ომარ მხეიძემ იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება“არგენტინის სახლის“ პროექტით დაინტერესდება.
შეგახსენებთ, რომ პელეს ვიზიტის დაგეგმვამდე ნიკოლოზ პატარქალიშვილის მიერ საქართველოში მოწვეულ იქნა ურუგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელმაც 2006 წლის 15 ნოემბერს ამხანაგური თამაში გამართა საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან. ასევე ნიკოლოზ პატარქალიშვილის პატრონაჟითა და თაოსნობით თბილისში 2008 წლის 22 ოქტომბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები