ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის წილების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილებთან დაკავშირებით ბიზნესმენის სარჩელი სასამართლოში უკვე შესულია. როგორც სალია აცხადებს, ხელისუფლება ვერ თუ არ ასრულებს, მის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაცემულ დაპირებას სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, რის გამოც ბიზნესმენმა სასამართლოს მიმართა. მისივე თქმით, სასწრაფო ზომების მიღება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ იგეგმება „რუსთავი 2“-ის წილების გადაფორმება, რათა მნიშვნელოვნად გართულდეს სამართლიანობის აღდგენა და წილების დაბრუნება კანონიერი მესაკუთრისათვის.

“სამწუხაროდ, უკვე აშკარა გახდა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერ თუ არ ასრულებს მის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაცემულ დაპირებას სამართლიანობის აღდგენასთან და უკანონოდ ჩამორთმეული ქონების რესტიტუციასთან დაკავშირებით.სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ერთ-ერთი უპრეცედენტო და შემზარავი მოვლენა მედია საშუალებებზე კონტროლის დამყარება და მათი მეპატრონეებისათვის უკანონოდ ჩამორთმევა იყო. 2006 წლის დეკემბერში ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლების, მათ შორის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ზეწოლით, ქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2“-ის წილი დაათმობინეს. დათმობილი წილის დაბრუნების მოთხოვნამ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ მთელი სახელმწიფო სადამსჯელო მანქანა აამუშავა – 2007 წლიდან დაიწყო მისი დევნა, განხორციელდა შეტევები მისი ყველა ბიზნესის მიმართ, უხეში ძალადობით მოხდა შეჭრა ქიბარ ხალვაშის კუთვნილ კომპანიებში, საეჭვო ვითარებაში დაიწვა საწყობი, რომელშიც რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ქონება ინახებოდა. ქიბარ ხალვაში, მასზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევის შედეგად, იძულებული გახდა ოჯახთან ერთად თავი გერმანიისთვის შეეფარებინა, სადაც მოგვიანებით პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ჩვენ ვადანაშაულებთ ხელისუფლებას და პროკურატურას უმოქმედობაში და “რუსთავი 2″-ის ნომინალური მეწილეების, მოძალადეების მფარველობაში, რადგან ვერ შეძლო სამართლიანობის აღდგენა და კანონიერი მეპატრონის უფლებების დაცვა”, – განაცხადა სალიამ.

ამასთან, ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მთავარი პრიორიტეტია, რომ ტელეკომპანიის არცერთ თანამშრომელს მუშაობის მხრივ პრობლემა არ შეექმნას.

“ქიბარ ხალვაშის ცალსახა პოზიციაა, რომ მისი შელახული უფლებების სამართლებრივი გზებით აღდგენის პროცესში, არ უნდა განხორციელდეს ისეთი მოქმედებები, რომლებიც შეაფერხებს ტელეკომპანიისა  და ჟურნალისტების საქმიანობას. ჩვენ ვედავებით კომპანიის ნომინალურ მფლობელებს, რომლებზეც წილები ფორმალურად არის რეგისტრირებული და არა შემოქმედებით კოლექტივს, რომლის პროფესიონალიზი ეჭვს არ იწვევს. ტელეკომპანიის დაბრუნების შემთხვევაში, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში პირობას დებს, რომ ჟურნალისტებს, მთელ შემოქმედებით გუნდს, გარანტირებული ექნებათ საქმიანობის  საუკეთესო პირობები, სრული ჟურნალისტური თავისუფლება და სარედაქციო ჩაურევლობა”, – განაცხადა სალიამ.

ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველი დიპლომატურ კორპუსს, საელჩოებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს, ხელი შეუწყონ საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული კერძო საკუთრების უფლების დაცვაში.

“მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საელჩოებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა ხელი შეგვიწყონ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული კერძო საკუთრების უფლების დაცვაში და ჩვენი შელახული უფლებების აღდგენაში. მიგვაჩნია, რომ მათი ჩართულობა იქნება გარანტია პროცესის გამჭვირვალობისა და სამართალწარმოების მიმდინარეობისას პოლიტიკური ზეწოლისა და სპეკულაციებისგან თავის დასაცავად. მივმართავთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ აქცევენ კერძო სუბიექტებს შორის დავას პოლიტიკური ქულების ჩაწერის ასპარეზად, რადგან საკითხის პოლიტიზირება დააზარალებს პირველ რიგში მედია საშუალებას და იქ მომუშავე ჟურნალისტებს, აქცევს მათ პოლიტიკური გარჩევების მიკერძოებულ მხარედ და ხელს შეუშლის მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. მივმართავთ მედიასაშუალებებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს საკუთარი მოქალაქეობრივი და პროფესიული თანადგომით ხელი შეუწყონ სამართლიანობის აღდგენას და დამკვიდრებას ქვეყანაში”, – განაცხადა პაატა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები