„ზურას მკვლელობა მერაბიშვილის გადმოცემული სცენარი იყო, თუმცა რეჟისორმა არ იცოდა ზურას თვისებები“

ზურას მკვლელობა მერაბიშვილის გადმოცემული სცენარი იყო, თუმცა რეჟისორმა არ იცოდა ზურას თვისებები – ამის შესახებ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას დედამ, რემა ჟვანიამ განაცხადა.
რემა ჟვანიამ სასამართლო პროცესზე მხოლოდ პროკურორის კითხვებს უპასუხა. როგორც ბრალდებულების ადვოკატებმა აღნიშნეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის დედისთვის, ასაკიდან და ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, კითხვების დასმისგან თავი შეიკავეს.
როგორც ზურაბ ჟვანიას დედამ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, თავიდანვე იცოდა, რომ მისი შვილი მოკლული იყო, ხარშილაძე და ძაძამია კი იტყუებიან. ამასთან, რემა ჟვანიამ განაცხადა, რომ მისი შვილი სიკვდილის წინ მასთან სახლში იმყოფებოდა და ღამის 12 საათზე დაურეკეს.
როგორც რემა ჟვანიამ აღნიშნა, მან შენიშნა, რომ ზურაბ ჟვანია არ ელაპარაკებოდა მეგობარს, საუბრობდა ოფიციალური ტონით და, როგორც იცის, მას დაურეკა ზურაბ ადეიშვილმა.
“ხარშილაძე ზურას ხანმოკლე სიცოცხლის ბოლომდე მასთან იყო და მასთან მეგობრობდა, ძაძამიამ კი ერთხელ მანქანა გადააბრუნა და, აქედან გამომდინარე, გაუშვეს დაცვიდან. შემდეგ ძაძამიას გაუჩნდა გარდაცვლილი შვილი, ჩემთან მოვიდა და მთხოვა, მხოლოდ იმ შემთხვევაში დამშვიდდებოდა, თუკი ზურასთან, დაცვაში დაბრუნდებოდა. მე ვთხოვე ზურას და დააბრუნა იგი. მშვიდად ვიყავი, რადგან ზურას სიცოცხლის ფასად იცავდნენ”, – განაცხადა რემა ჟვანიამ.
მისი თქმით, როდესაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა, იმედი ჰქონდა, რომ მთავრობაში მყოფი მისი მეგობარი გია ბარამიძე ზურას სიკვდილის მიზეზებს დაადგენდა. რემა ჟვანია აცხადებს, რომ გია ბარამიძე მასთან ხშირად მიდიოდა და ეკითხებოდა, როგორ მიდიოდა გამოძიება, ბარამიძე კი ამბობდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
“მე მას ვკითხე, სჯეროდა თუ არა იმ სიბინძურის, რომელსაც ამბობდნენ. მან მითხრა, დაწყნარდით, ყველაფერი კარგად იქნებაო. ამ შეკითხვაზე კი მიპასუხა, რას ბრძანებთ, მე მასე არ ვფიქრობო”, – განაცხადა რემა ჟვანიამ.
როგორც რემა ჟვანია აცხადებს,  გია ბარამიძეს ბოლოს აგვისტოს ომის შემდეგ შეხვდა და უთხრა, რომ მან გადაუხვია იმ გზას, რომელზეც ზურა იდგა. ამის შემდეგ კი, რემა ჟვანიას თქმით, გია ბარამიძე მას აღარ უნახავს.
მისივე განმარტებით, ნახულობდა ხათუნა გოგორიშვილსაც, რომელმაც ერთ-ერთი საუბრისას უთხრა, რომ “ნეტავ, დადგეს ის დრო, როდესაც სიმართლეს გაიგებენ”.
“2 თებერვალს ზურა იყო ჩემთან. ჩაი გავუკეთე, მითხრა, რომ შვიდის მერე არაფერს არ ჭამდა და სვამდა, იყო დიეტაზე. შემდეგ ვიღაცამ დაურეკა, მეგობარივით არ ესაუბრებოდა, ოფიციალური ტონით მიმართავდა. მგონი, ადეიშვილი იყო და უთხრა, მოვდივარო”, – განაცხადა რემა ჟვანიამ.
პროკურორების დასმული შეკითხვის საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანია ვანო მერაბიშვილთან არ მეგობრობდა და  ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა.
ამასთან, გარდაცვლილი პრემიერის დედა აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანია იმ ღამეს იმ ბინაში არ იმყოფებოდა და გარდაცვალების შემდეგ მიიყვანეს.
“ზურა რომ იმ სახლში ყოფილიყო, ფანჯარას გამოაღებდა. ეს მისი ცხოვრების წესი იყო, ფანჯარა სულ ღია ჰქონდა, ამბობდა, რომ სუფთა ჰაერი  ყველასთვის სასარგებლოაო. არ მჯერა ექსპერტის, რომელმაც თქვა, რომ ზურას ნაწლავში მოხარშული ძეხვი აღმოუჩინეს, რადგან ზურა  დიეტაზე იყო და მოხარშული ძეხვის ჭამას ყველას გვიკრძალავდა. ამბობდა, რომ ეს  სასარგებლო არ იყო. ე.ი. რეჟისორმა არ იცოდა ზურას თვისებები. ზურა აუცილებლად გააღებდა ფანჯარას. დავრწმუნდი, რომ ეს არის ბინძური სპექტაკლი. ძაძამია და ხარშილაძე კი ყველაფერს იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ მივიდნენ 4 საათზე იმ ბინაში, სადაც გაიგონეს გამათბობლის ხმა. თუმცა 3-ის ნახევარზე ამ უბანში გაზი  გადაკეტილი იყო. ხარშილაძეს კი, როდესაც დაუსვეს შეკითხვა, რატომ მიატოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პრემიერ-მინისტრი, მან საუბარი გადაიტანა არარსებულ ინტიმურ ურთიერთობებზე. ზურა რომ მოკლეს, ეს თავიდანვე ვიცოდი. ამერიკელების დასკვნაში წერია, რომ მურის ნატამალიც არ არსებობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამათბობელი ან საერთოდ არ ჩართულა, ან ძალიან კარგად მუშაობდა”, – განაცხადა რემა ჟვანიამ.
მისივე თქმით, ამერიკელების დასკვნაში ასევე საუბარია, რომ მომწამვლელი ნივთიერების შემცველობა ორგანიზმში 72%    არსებობდა, რეალურად კი სიკვდილს იწვევს 90%.
“არსებობს სხვა ნივთიერებაც, რომელიც ორგანიზმში შეყვანის შემდეგ ისეთივე შედეგს იწვევს, როგორც CO-თი მოწამვლა”, – განაცხადა რემა ჟვანიამ.
როდესაც პროკურორებმა შეკითხვები ამოწურეს, მოსამართლემ დაცვის მხარეს სთხოვა შეკითხვების დასმა, რაზეც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, რომ რემა ჟვანიას ასაკიდან და ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, დაცვის მხარე შეკითხვებს არ დასვამს.
თუმცა, ბექა ბასილაიას სურდა განცხადების გაკეთება, რაც პროკურორებმა გააპროტესტეს. მან მხოლოდ ის თქვა, რომ როდესაც გარდაცვლილი პრემიერის დედას გამომძიებელი ეუბნება, რომ ზურაბ ჟვანიას ტელეფონზე განხორციელდა ადეიშვილის ზარი, რეალურად ეს  უსუპოვის ზარი იყო.
როგორც ცნობილია, დღეს ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, რაულ უსუპოვის მამა – იაშარ უსუპოვიც დაიკითხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები