სოფლის მეურნეობის სამინისტრო „როსპოტრებნადზორის“ განცხადებას ეხმაურება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები „როსპოტრებნადზორის“ განცხადებაში მითითებული პროდუქციის კონკრეტული შემთხვევით დაინტერესდნენ და საკითხის შესწავლა დაიწყეს -ასე ეხმაურება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო „როსპოტრებნადზორის“ განცხადებას, რომლის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში საექსპორტო ღვინის კონტროლის მექანიზმი არადამაკმაყოფილებლადაა შეფასებული.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხი მკაცრად კონტროლდება და მოწმდება შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიებში. ქართული ღვინო ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქციაა და როგორც სახელმწიფო, ასევე მეწარმეები და ექსპორტიორები მაქსიმალურად დაინტერესებულნი არიან პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ხორციელდება.
2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ექსპორტის მატებაა ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი – 35%, საფრანგეთი 119%, კორეა 221%, აშშ – 20%, გერმანია – 17%, კანადა – 100%, იაპონია – 10%, პოლონეთი 2%, ლატვია – 9%, ესტონეთი – 19% და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები