საწყობში ხანძრის დროს სამი ადამიანის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება

„ელიავას ბაზრობაზე ხანძარი არა მარტო ლოკალიზებულია, მეხანძრეები ამ წუთებში მის ლიკვიდაციაზე მუშაობენ“, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ქაწაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ცეცხლმა საწყობის დაახლოებით 500 კვადრატული მეტრის ფართობი გაანადგურა.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, თითქოსდა, ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიკარგა. „იყო საუბარი სამ პიროვნებაზე, რომ შიგნით მომუშავე პერსონალიდან შეიძლებოდა ვიღაცა დარჩენილიყო. ამ წუთებში შენობაში მეხანძრეები არიან შესულები, მიმდინარეობს დათვალიერება და ჯერჯერობით არავინ უნახავთ“, – აღნიშნა ზვიად ქაწაშვილმა.
მისი თქმით, ცეცხლი საწყობებში საღებავებს ეკიდა.
ქაწაშვილმა „კვირას“ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მეხანძრე მსუბუქად დაშავდა. „ერთ-ერთმა მეხანძრემ, სავარაუდოდ, კვამლი ჩაისუნთქა და პროფილაქტიკის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჰქონდა გულისრევის შეგრძნება და სასწრაფომ საჭიროდ მიიჩნია, რომ საავადმყოფოში მოეთავსებინათ“, – აცხადებს ზვიად ქაწაშვილი.
როგორც „კვირას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მეხანძრეს ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდა და კლინიკა უკვე დატოვა. მისი თქმით, ხანძრის შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში სულ 4 დაშავებული მიიყვანეს, სამი მათგანი დამწვრობის ცენტრში მკურნალობას აგრძელებს. შემთხვევა დიდუბის რაიონში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუდაუთის ქუჩის 7 ნომერში მოხდა.
ცეცხლი საწყობებს გაუჩნდა, სადაც საღებავები ინახებოდა. არსებული ინფორმაციით, შენობა “კავკასუს ონლაინს” ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები