მავნებლებით დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრის პროცესი დაიწყო

თბილისსა და მის შემოგარენში მავნებლებით დაავადებული და ზეხმელი ხეების მოჭრის პროცესი დაიწყო. ხეების მოჭრას ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს „სინათლის ქალაქი“ განახორციელებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები დღეს კუს ტბის ტერიტორიიდან დაიწყო. პროცესის დეტალები თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა ჟურნალისტებს გააცნო.
ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ხეების მოჭრის პროცესი მთელი აგვისტოს განმავლობაში გაგრძელდება.
„დაავადებული და ზეხმელი ხეების ჩანაცვლების პროცესი ოქტომბრიდან დაიწყება და ადგილობრივი გარემოს მიმართ რეზისტენტული სახეობების ხე-მცენარებიით განაშენიანდება. ჩანაცვლებისას გათვალისწინებული იქნება გასაშენებელი ადგილის სპეციფიკურობა. მოჭრილი ხეები კი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაურიგდება“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
ქართველი და უცხოელი ექსპერტების დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე თბილისის ფერდობებზე ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს დაავადებული ხეების მონიშვნის სამუშაოები. დღეის მდგომარეობით მონიშნულია 5508 სხვადასხვა სახეობის წიწვოვანი ხე. დაავადებული და ზეხმელი ხეების ჩანაცვლების პროცესი ოქტომბრიდან დაიწყება და გამოთავისუფლებული ადგილები კლიმატის ცვლილებისა და ადგილობრივი გარემოს მიმართ რეზისტენტული სახეობების ხე-მცენარეებით განაშენიანდება. ჩანაცვლებისას გათვალისწინებული იქნება გასაშენებელი ადგილის სპეციფიურობა. პრიორიტეტი მიენიჭება საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისა და ბოტანიკის ინსტიტუტის მიერ რეკომენდებულ ადგილობრივ სახეობებს – ქართულ მუხას, რცხილას, იფანს, აკაკის, საპნის ხეს, ნეკერჩხალს და სხვა.
ღონისძიებები კომპლექსურად განხორციელდება და გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი. აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეზღუდავს დედაქალაქში მცენარეთა მავნებელი დაავადებების გავრცელებას და შესაბამისად, ქალაქის მასშტაბით, მცენარეული საფარის ხმობას შეაჩერებს.
2013-2015 წლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტების კვლევებზე დაყრდნობით თბილისის შემოგარენის ფიჭვების კვლევისას დაფიქსირდა შემდეგი მავნებლები: ქერქიჭამიები, ლაფნიჭამიები, ხარაბუზები (Tomicus piniperda, Tomicus minor, Ips acuminatus, Ips sexdentatus), აგრეთვე დაავადების გამომწვევი სოკოები (Elytroderma sp., Elytroderma torresjuanii, Lophodermium sp.) რომელთაც დააჩქარეს დასუსტებული ხეების ხმობის პროცესი.
2015 წელს თბილისის მერიის მიერ განხორციელდა თბილისსა და მის შემოგარენში არსებული ფიჭვნარების დეტალური კვლევა და ფიტოსანიტარული მდგომარეობის შეფასება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები